2022 წლის რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ ევროპაში 61,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

2022 წლის რეკორდულად მაღალმა ტემპერატურამ ევროპაში 61,000-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა

მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO) განცხადებით, 2023 წლის ივლისის პირველი კვირა მსოფლიოს ისტორიაში ყველაზე ცხელი კვირა იყო. WMO-ს ცნობით, ტემპერატურული რეკორდი დაფიქსირდა როგორც ხმელეთზე, ასევე ოკეანის ზედაპირებზე.

პარალელურად, ევროპის სტატისტიკური სამსახური EUROSTAT-ი აცხადებს, რომ 2022 წლის რეკორდული სიცხეების გამო ევროპაში 61,000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ჟურნალ Nature Medicine-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გასული წლის 30 მაისიდან 4 სექტემბრამდე დაფიქსირებული 61,672 გარდაცვალება სწორედ მაღალ ტემპერატურას უკავშირდებოდა – განსაკუთრებით ინტენსიური სიცხეების პერიოდში, 18-24 ივლისის კვირაში, ევროპაში სულ  მცირე 11,600-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.

ცნობისთვის, გასულ წელს საშუალო ტემპერატურა ყველაზე მეტად საფრანგეთში, შვეიცარიასა და იტალიაში გაიზარდა. თუმცა, სიცხეების შედეგად დაღუპულთა რიცხვი ყველაზე მაღალი იტალიაში იყო – აქ სიცხეებმა გასულ წელს 18,010 ადამიანი იმსხვერპლა.

კვლევაში ასევე ნათქვამია, რომ დაღუპულთა უმეტესობა 80 წელზე უფროსი ასაკის იყო, ხოლო დაღუპულთა დაახლოებით 63% – ქალი.