3 რეკომენდაცია ტურიზმის განვითარებისთვის

3 რეკომენდაცია ტურიზმის განვითარებისთვის

“ჩვენ ვართ ღვინის სამშობლო, ვაზის 500-ზე მეტი ენდემური ჯიშით და შესანიშნავი ღვინოთი. როგორც იცით, ქვევრი იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად არის აღიარებული და გაეროს ჟენევის ოფისშიც კი არის განთავსებული”, – ასე გვპასუხობს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე კითხვაზე, თუ რატომ შეირჩა საქართველო გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ ღვინის ტურიზმის პირველი გლობალური კონფერენციის მასპინძელ ქვეყანად.

კონფერენცია, გაეროს მსოფლიო ტურისტული ორგანიზაციის ეგიდით, მსოფლიოში პირველად კახეთში, 7-9 სექტემბერს ჩატარდება. კონფერენციის ჩატარების ადგილად “ღვინის სამშობლო” 2015 წელს ლონდონში გამართულ საერთაშორისო გამოფენაზე შეირჩა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, კონფერენციაში სხვადასხვა ქვეყნის ტურიზმის მინისტრები, დარგის ექსპერტები და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. მათ შორის იქნება გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივანი ტალებ რიფაი, რომელსაც Forbes Georgia როგორც ღვინის ტურიზმის პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე, ისე საქართველოს ტურისტულ პოტენციალსა და გამოწვევებზე ექსკლუზიურად ესაუბრა.

2016 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ სუსტი იყო. IMF-ის პროგნოზებით, 2016-2017 წლებში გლობალური ეკონომიკა საშუალოდ 3.3%-ით გაიზრდება. ამ კონტექსტის გათვალისწინებით, რა ძირითადი გამოწვევების წინაშე დგას გლობალური ტურიზმი? როგორია ძირითადი ტენდენციები და თქვენი პროგნოზი? 

სერიოზული გამოწვევების, მათ შორის გლობალური ეკონომიკის გაჯანსაღების შენელებული პროცესის, მიუხედავად, მოთხოვნა საერთაშორისო ტურიზმზე ბოლო წლებში კვლავაც მძლავრია. 2015 წელს მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურ საერთაშორისო ტურისტთა რიცხვის ზრდამ მე-6 წლისთვის საშუალოს გადააჭარბა. 4%-იანი ზრდით, საერთაშორისო ტურისტების რაოდენობამ 1,184 მილიონს მიაღწია, რაც 2014 წელთან შედარებით 50 მილიონით მეტია. ამავე დროს, საერთაშორისო ტურიზმის შედეგად მიღებული ექსპორტი გასულ წელს 3.6%-ით გაიზარდა, – უფრო სწრაფად, ვიდრე საქონლის გლობალური ვაჭრობა, – რამაც სექტორის წილი მსოფლიო ექსპორტში 2015 წელს 7%-მდე გაზარდა. ექსპორტის ჯამურმა ღირებულებამ საერთაშორისო ტურიზმიდან $1.4 ტრილიონი შეადგინა.

UNWTO-ს პროგნოზით, 2016 წლისთვის, საერთაშორისო ტურისტების რიცხვი 3.5%-დან 4.5%-მდე გაიზრდება, რითაც ბოლო წლების ტენდენციის ზრდა შენარჩუნდება. და მართლაც, ამას მიმდინარე წლის პირველი თვეების მონაცემები მოწმობს: თებერვლისთვის საერთაშორისო ტურისტთა რაოდენობა 5%-ით გაიზარდა. რეგიონის მიხედვით, უფრო ძლიერი ზრდა წყნარი ოკეანის აზიასა და ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაშია მოსალოდნელი (ორივეგან ზრდა +4%-დან +5%-მდეა ნავარაუდევი). გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია, რომ სექტორი ზრდას განაგრძობს და 2030-სთვის საერთაშორისო ტურისტთა რიცხვი 1.8 მილიარდს მიაღწევს.

ეს ძალიან კარგი ახალი ამბავია ზრდისა და განვითარების პოტენციალის მქონე ტურიზმისთვის. მაგრამ მნიშვნელოვანი გამოწვევები მაინც არსებობს: საჭიროა უსაფრთხო და შეუფერხებელი მგზავრობის ხელშეწყობა, ტურიზმში ტექნოლოგიის როლის გაძლიერება და იმაში დარწმუნება, რომ ტურიზმის განვითარება მდგრადი და დაცული გზით ხდება.

ძირითადად, რა იზიდავთ ტურისტებს საქართველოში და რა უნდა გააკეთოს განვითარებადმა ქვეყანამ  რათა მაქსიმალურად მეტი ტურისტი მოიზიდოს არა მხოლოდ მეზობელი, არამედ განვითარებული ქვეყნებიდანაც? (უკრაინა, რუსეთი, აზერბაიჯანი, ისრაელი, გერმანია – ეს ის ქვეყნებია, რომლებიც, ტურიზმის წარმომადგენლების თანახმად, ბოლო 5 წლის მანძილზე, მარკეტინგის საშუალებით, საქართველოს სამიზნეები არიან).

ლამაზი ლანდშაფტები, დაწყებული სუბტროპიკებით, დამთავრებული მაღალმთიანი ნახევრად უდაბნოს ზონებით, მდიდარი კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობა, შეურყვნელი ველური ბუნება, გემრიელი სამზარეულო და ღვინო, 8,000 წლის მანძილზე უნიკალური მეღვინეობის დაცული ტრადიციებით, ქართული ხალხური სიმღერები და ცეკვები და თბილი ხალხი საქართველოს მომხიბლავ ტურისტულ ადგილად აქცევს. ტურისტული პროდუქტებისა და შეთავაზებების მიხედვით, ქვეყნები თავად ირჩევენ თავიანთ სტრატეგიებს პოზიციონირებისთვის.

გეოგრაფიული ადგილმდებარეობის გამო, მეზობელი ქვეყნები ხშირად საერთაშორისო ტურისტების მნიშვნელოვანი ნაწილის ექსპორტიორები არიან, ბევრი ტურისტი კი მეზობელ რეგიონებში მეგობრებისა და ნათესავების მოსანახულებლად ჩადის, აგრეთვე – ბიზნეს-და პროფესიული მიზნებით. ბაზრის სეგმენტაცია უმთავრესი ნაბიჯია იმ ნაყოფიერი ბაზრების განსასაზღვრად, საიდანაც ტურისტების მოზიდვაა შესაძლებელი. ამ კონტექსტში, გლობალური ტურიზმის განხილვა უკეთ გაგვარკვევდა საქმის ვითარებაში.

საქართველოს უზარმაზარი პოტენციალი აქვს არაერთ სფეროში, მათ შორის – ისეთ მზარდ სეგმენტში, როგორიც ღვინის ტურიზმია. ამ თვალსაზრისით, მოხარულები ვართ, გამცნოთ, რომ UNWTO თავის პირველ “ღვინის ტურიზმის კონფერენციას” 2016 წლის 7-9 სექტემბერს თბილისსა და კახეთის ღვინის რეგიონში გამართავს.

2015 წელს საქართველოს შემოსავალმა დაახლოებით $1.9 მილიარდი შეადგინა. თუმცა არც ტურიზმის ადმინისტრაცია, არც სტატისტიკის დეპარტამენტი თუ ცენტრალური ბანკი სექტორულ კვლევებს არ ატარებს. ამდენად, ჩვენ არ გვაქვს ინფორმაცია, თუ რა არის ტრანსპორტის, სასტუმროს, კვებისა თუ გართობის ხარჯების რეალური წილი ამ მთლიან შემოსავალში. კერძო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, ტურიზმის ინდუსტრიაში მზარდი და მოგებიანი სექტორების იდენტიფიცირება შეუძლებელია. ასეთი კვლევები მნიშვნელოვანია? და თუ ასეა, რატომ?

კვლევა და გაზომვა ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რათა მართო და დაგეგმო ტურიზმის  სექტორის განვითარება. ამ თვალსაზრისით, UNWTO-ს ერთ- ერთი უმთავრესი ამოცანაა თავისი წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა ტურიზმის სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების კუთხით, და, საბედნიეროდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველო მთლიანად ჩართულია ამ პროცესში.

The Tourism Satellite Accounts (TSA) სტანდარტული სტატისტიკური ჩარჩო და მთავარი ინსტრუმენტია ტურიზმის ეკონომიკური პარამეტრების გასაზომად. TSA საშუალებას გვაძლევს, ეკონომიკური (National Accounts-ის) პერსპექტივიდან ტურიზმის სტატისტიკის ჰარმონიზება მოვახდინოთ და ეს პროცესი თანმიმდევრული გავხადოთ. 2001 წლიდან საქართველო UNWTO Commitee on Statistics and Tourism Satellite Account-ის აქტიური წევრია, ამჟამად კი კომიტეტის ვიცე- თავმჯდომარეც გახლავთ. კომიტეტის მთავარი ამოცანაა, ხელი შეუწყოს ტურიზმის სტატისტიკის ეროვნული სისტემის შეუქცევად მეთოდოლოგიურ განვითარებასა და იმპლემენტაციას. ეს საკვანძო საკითხია ტურიზმის, როგორც ეკონომიკური ზრდისა და განვითარების, მამოძრავებელ ძალად პოზიციონირებისთვის. ამ თვალსაზრისით, ჩვენ მადლიერები ვართ საქართველოს ეროვნული ტურიზმის ადმინისტრაციისა, რომელმაც 2016 წლის 26-17 იანვარს, თბილისში, Commitee on Statistics and TSA-ს უმასპინძლა.

საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების დონის გათვალისწინებით, როგორ ფიქრობთ, ვინ უნდა იყოს ზრდისა და შეჯიბრისუნარიანობის მთავარი მამოძრავებელი ძალა – კერძო სექტორი თუ სახელმწიფო?

ძალიან მნიშვნელოვანია როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის როლი. ეს უკანასკნელი ზრდისა და შეჯიბრისუნარიანობისთვისაა მამოძრავებელი ძალაა, ვინაიდან ტურიზმისა და სტუმარმასპინძლობის ბიზნესებს სწორედ ის უდგას სათავეში, ხოლო სახელმწიფოს როლი გადამწყვეტია იმდენად, რამდენადაც მან უნდა შექმნას ადეკვატური პოლიტიკური და რეგულაციური ჩარჩო ტურიზმის განვითარებისათვის. აქ, სხვასთან ერთად, ისეთი საკვანძო ასპექტები იგულისხმება, როგორიცაა სავიზო პროცედურების გამარტივება, დაცულობა, უსაფრთხოება, ინფრასტრუქტურის განვითარება, ხელმისაწვდომობა და ტრენინგი. კერძო სექტორის წარმატების უზრუნველსაყოფად, მთავრობის მხარდამჭერ პოლიტიკას უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ბანკის თანახმად (2015), საქართველო მე-15 ადგილზეა ბიზნესის კეთების სიმარტივით, ხოლო ბოლო წლებში შთამბეჭდავი პროგრესი განიცადა ტურიზმზე მოქმედ სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით სავიზო პროცედურების გამარტივების, დამაკავშირებელი სისტემების, საგადასახადო სისტემისა და ე.წ. ღია ცის პოლიტიკის კუთხით, ეს უკანასკნელი კი ქვეყანაში დაბალფასიანი ავიახაზების არსებობას უწყობს ხელს.

და მაინც, საჭიროა, რომ ამ ორმა სექტორმა ერთობლივად იმუშაოს. საჯარო და კერძო სექტორთა მძლავრი პარტნიორობა ტურისტული ადგილების წარმატებულ მუშაობას უზრუნველყოფს. ტურიზმის განვითარება განვითარებადი ეკონომიკის ქვეყნებში არაერთი ფაქტორით განისაზღვრება, მათ შორის თანამშრომლობა საჯარო და კერძო სექტორებს შორის წამყვან როლს ასრულებს, ვინაიდან მისი წყალობით, სახელმწიფო სააგენტოები და საჯარო სექტორი ტურიზმის მთელ ღირებულებათა ჯაჭვთან კავშირში არიან და ერთი და იმავე მიზნისთვის მუშაობენ: ტურიზმის გზით სოციოეკონომიკური განვითარების, მდგრადობისა და უსაფრთხოების, სამუშაო ადგილების შექმნისა და საერთაშორისო კონკურენტულობის ხელშესაწყობად.

რას შეუძლია, ქართული კონკურენტუნარიანობა განსაზღვროს? რა არის, ასე ვთქვათ, საქართველოს სავიზიტო ბარათი ტურიზმის გლობალურ რუკაზე? სამი რეკომენდაცია საქართველოს UNWTO-სგან…

სტუმართმოყვარე ხალხი, გემრიელი სამზარეულო და ღვინო, ისევე როგორც მდიდარი ხელშესახები და არახელშესახები კულტურული მემკვიდრეობა საქართველოს უნიკალური საფირმო ნიშნებია ბაზარზე. სამ რეკომენდაციას მინდა, გავუსვა ხაზი: რურალური ტურიზმის განვითარება, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში, რაც სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის შემსუბუქებაში წვლილს შეიტანს; ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ტურიზმის მხარდაჭერა, რასაც ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მოტანა შეუძლია; და მთელი წლის მანძილზე ეროვნული და საერთაშორისო კულტურული და სპორტული ღონისძიებებისა და დიდი შეკრებების ორგანიზება, რაც მნიშვნელოვან სოციალურ და ეკონომიკურ ღირებულებას შესძენს მასპინძელ ტურისტულ ადგილებს და სეზონურობის ეფექტს შეამცირებს.

შეუძლია თუ არა საქართველოს, სარგებელი ნახოს იმ სიტუაციისგან, რისი მოწმენიც ახლა რეგიონში – თურქეთში, უკრაინაში, ეგვიპტეში – ვართ და რაც ტურისტთათვის იმ სამიზნე ბაზრებს წარმოადგენს, რაზეც საქართველოც აცხადებს პრეტენზიას?

ერთი ტურისტული ადგილის დაკარგვა დანარჩენებისთვის შესაძლებლობად ვერ ჩაითვლება, რადგანაც ტურიზმის ზოგადი ზრდა ყველასთვის სასარგებლოა. ნებისმიერმა ტურისტულმა ქვეყანამ საკუთარი კონკურენტუნარიანობა საკუთარ შეთავაზებებზე უნდა დააფუძნოს, ვინაიდან სწორედ ეს უზრუნველყოფს მის გრძელვადიან წარმატებას.