2018 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესმოვლენა

2018 წლის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი ბიზნესმოვლენა

რამდენად წარმატებული თუ წარუმატებელი აღმოჩნდა 2018 წელი ბიზნესისთვის, ამას ყველა კომპანია თუ მეწარმე ინდივიდუალურად შეაფასებს. Forbes-მა კი გადაწყვიტა, იმ მნიშვნელოვანი ბიზნესმოვლენებისთვის მოეყარა თავი, რომლებსაც გავლენა, შესაძლოა, არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ კომპანიაზე, არამედ მთლიან ბაზარზე ჰქონდეს.

1. Silknet-მა GeoCell-ი იყიდა

საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მობილურ ოპერატორს რომ ახალი მფლობელი ეყოლებოდა, ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ, მას შემ დეგ გახდა ცნობილი, რაც Geocell-ის უმსხვილესმა აქციონერმა, შვედურ-ფინურმა TeliaSonera-მ ევრაზიის ბაზრის დატოვების შესახებ განაცხადა. Geocell-ის აქციონერებთან – Telia Company -სა და Turkcell-თან მოლაპარაკებები Silknet-მა 2018 წლის და საწყისში დაასრულა და შედეგად, საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი გარიგება შედგა. კომპანია Silknet-მა Geocell-ში $153 მილიონი გადაიხადა და “სილქნეტის” ინტერნეტის, საკაბელო ტელევიზიისა და ფიქსირებული სატელეფონო კავშირის მომსახურებას “ჯეოსელის” მობილური სერვისები შეუერთდა.

2. BGEO საბანკო და საინვესტიციო ბიზნესად გაიყო

10-წლიანი საქმიანობის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი ორ დამოუკიდებელ კომპანიად 2018 წლის გა ზაფხულის ბოლოს გაიყო. კომპანიები მოღვაწეობას საბანკო და საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით აგრძელებენ. ორი კომპანიის – “საქართველოს ბანკისა” და “საქართველოს კა პიტალის” აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ-ლისტინგის სეგმენტში განთავსდა და უკვე რამდენიმე თვეა, ორივე კომპანიის აქციები დამოუკიდებლად ივაჭრება.

3. TBC-იმ აზერბაიჯანული ბანკის წილი შეიძინა

TBC ბანკმა აზერბაიჯანული Nikoil Bank-ის წილის შეძენაზე 2018 წლის ზაფხულში განაცხადა. კერძოდ, ბანკის შვილობილი, აზერბაიჯანული TBC Kredit-ი Nikoil Bank-ის 10%-იანი წილის მფლობელი გახდა. უახლოეს 3 წელიწადში კი თიბისი Nikoil ბანკში საკუთარი წილის გაზრდას გეგმავს 50%-ს +1%-ის პრინციპით, რათა აქციების უმრავლესობის მფლობელი გახდეს.

4. საქართველოს კაპიტალი “ქინძმარაულის მარნის” 100%-ის მფლობელი გახდა

“საქართველოს კაპიტალმა” “ქინძმარაულის მარნის” 60.5%-იანი წილი 2018 წლის გაზაფხულზე შეიძინა და მასში $7.2 მლნ გადაიხადა. რამდენიმე თვეში კი კომპანიამ დარჩენილი 39.5%-იანი წილიც გამოისყიდა და კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. “ქინძმარაულის მარანი” კახეთში, 350 ჰექტარზე განთავსებულ ვენახებს ფლობს, “საქართველოს კაპიტალი” კი ღვინის ბიზნესში კომპანია “თელიანი ველის” სახით უკვე წარმოდგენილია და მის 47.9%-ს ფლობს.

5. “ყაზტრანსგაზ-თბილისის” მფლობელი “სი ბი ეს ჯგუფი” გახდა

კომპანია WALTBAY LTD, რომელიც საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესჯგუფის – შპს “სი ბი ეს ჯგუფის” ნაწილს წარმოადგენს, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” 100 %-იანი წილის მფლობელი გახდა. კომპანია WALTBAY LTD-ის მიერ ყაზახი ბიზნესმენებისთვის, შპს “ყაზტრანსგაზ-თბილისის” ნასყიდობათვის, წაყენებული წინაპირობა “ყაზტრანსგაზ-თბილისის” სახელმწიფოს წინაშე არსებული ვალდებულებებისგან გათავისუფლება და ყაზახი კრედიტორების მხრიდან “ყაზტრანსგაზ-თბილისისთვის” ნასესხები 347 მილიონ ლარზე მეტი დავალიანების მოთხოვნის უფლების WALTBAY LTD -სათვის დათმობა გახლდათ, რაზეც ყაზახურმა მხარემ თანხმობა განაცხადა.

6.”აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა” საქართველო დატოვა

2007 წლიდან აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი საქართველოში “აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკი – საქართველოს” სახელით ახორციელებდა საბანკო საქმიანობას, თუმცა ორი წლის წინ ბანკმა განაცხადა, რომ საქართველოსა და რუსეთის ბაზარს ტოვებს. პროცესი 2018 წელს დასრულდა და ზაფხულში ბანკს საბანკო საქმიანობის ლიცენზია გაუუქმდა. აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკის აქციების საკონტროლო პაკეტი აზერბაიჯანის მთავრობას ეკუთვნის.

7. IC Group-ის მფლობელი Euroins Group გახდა

სადაზღვევო კომპანია “აი სი ჯგუფი” აღმოსავლეთ ევროპის ერთ-ერთმა მსხვილმა სადაზღვევო კომპანია “EUROINS GROUP”-მა შეიძინა და ის ქართულ ბაზარზე “ევროინს საქართველოს” სახელით გააგრძელებს ოპერირებას. EUROINS GROUP-ი ბულგარეთში დაფუძნებული სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ევროპის 8 ქვეყანაში ოპერირებს და მათგან ოთხში – ბულგარეთში, რუმინეთში, მაკედონიასა და უკრაინაში – შვილობილ კომპანიებს ფლობს.

8. TBC ჯგუფმა swoop.ge იყიდა

წლის ბოლოს TBC-იმ Swoop.ge-ს შესყიდვისა და ელექტრონული კომერციის კუთხით განვითარების გეგმების შესახებ განაცხადა. კერძოდ, Swoop-ის ბაზაზე შეიქმნება ციფრული სავაჭრო პლატფორმა Vendoo, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს, სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ პროდუქცია.

9. “ნიკორა ტრეიდმა” ლარის ობლიგაციები გამოუშვა

სუპერმარკეტების ქსელმა “ნიკორა ტრეიდმა” 25 მილიონი ლარის ობლიგაციები გამოუშვა. ეს კომპანიის მიერ ლარში გამოშვებული პირველი საჯარო ობლიგაციაა. ობლიგაციების ემისია და საქართველოს საფონდო ბირჟაზე განთავსება თიბისი ბანკის შვილობილმა საბროკერო კომპანია “თიბისი კაპიტალმა” უზრუნველყო. აღნიშნული ტრანზაქცია 2018 წელს ყველაზე მსხვილი გარიგებაა ლარის კორპორაციული საჯარო ობლიგაციის სეგმენტში.

10. ნავთობკომპანიებს მილიონობით ლარის ჯარიმა ჩამოეწერათ

კონკურენციის სააგენტომ ბაზრის ხელახალი შესწავლის შემდეგ, ნავთობკომპანიებისთვის დაწესებული 55-მილიონიანი ჯარიმა ბათილად ცნო და მისი მოცულობა 3 მილიონამდე შეამცირა. კომპანიებმა კონკურენციის კანონის დარღვევისთვის დაწესებული ჯარიმის უდიდესი წილი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკვე გადაიხადეს.