Forbes Georgia-მ შეისწავლა რუსეთის ბიზნესრეესტრის მონაცემები, რომლებიც კომპანია OOO “Гео органикс”-ს უკავშირდება. დოკუმენტაციის თანახმად, კომპანია 2017 წლის ივნისში იყო რეგისტრირებული და მის 25%-იან წილს ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის შვილი, ტატე მამაცაშვილი ფლობდა.
რეესტრის ამონაწერის თანახმად, ნასყიდობის გარიგება 2021 წლის 6 სექტემბერს დაიდო და ტატე მამაცაშვილმა საკუთარი წილი კომპანიის დირექტორზე, გიორგი კაპანაძეზე გაასხვისა. ამჟამად კაპანაძე კომპანიის 75%-იან წილს ფლობს.
რას საქმიანობს კომპანია OOO “Гео органикс”-ი?
რეესტრის თანახმად, კომპანია ფლობს საკვები დანამატებით, ფარმაცევტული პროდუქციითა და პარფიუმერიით ვაჭრობის ლიცენზიებს.
რუსეთის საბუღალტრო საინფორმაციო სისტემის მონაცემებით, 2021 წელს OOO “Гео органикс”-ის შემოსავალი 366,992,000 რუბლი იყო, რაც ამჟამად $6.3 მილიონი დოლარია (2021 წლის კურსით $5.1 მილიონი დოლარი).
კომპანიას ჰქონდა 19,427,000 რუბლის წმინდა მოგება, რაც 2021 წლის კურსით $272,000 იყო. კომპანიის აქტივები 430,612,000 რუბლს, ანუ $6 მილიონ დოლარს შეადგენს.
“Гео органикс”-ი, სავარაუდოდ, დაკავშირებულია ამავე სახელის მქონე ქართულ კომპანია Geo Organics-თან, რომელიც საკვები დანამატების მწარმოებელ ფარმაცევტულ საწარმოს ფლობს. კომპანია 2017 წელს დაფუძნდა და ის ბიზნესმენ უჩა მამაცაშვილის საინვესტიციო ფონდ “Middle Seas Capital”-ის შემადგენლობაში შედის.
საქართველოში მოქმედი კომპანიის 90%-ის მფლობელია ბრიტანეთში რეგისტრირებული ფირმა Geo Organics Limited-ი.
თავად Geo Organics-ის ვებგვერდის მიხედვით, მისი პროდუქცია ძირითადად ექსპორტისთვის არის განკუთვნილი. ვებგვერდზე მითითებულია რუსული სააფთიაქო ქსელები, სადაც აღნიშნული პროდუქცია ივაჭრება, მათ შორისაა A5; 36.6; Горздрав-ი და სხვები. ამასთან, კომპანიის პროდუქცია საკუთარ ვებგვერდზე დატანილი აქვს სააფთიაქო ქსელ 36.6-ს.
რაც შეეხება თავად ბრიტანეთში რეგისტრირებულ ფირმა Geo Organics Limited-ს, ის 2018 წლის 19 დეკემბერს დაფუძნდა. ამჟამად მასში 30.5%-იან წილს ფლობს თავად უჩა მამაცაშვილი, 30.5%-ს – ქეთევან ხარაიძე, 16.7%-ს – გიორგი კაპანაძე, 22.3%-ს კი – ზურაბ წერეთელი-მახარაძე.