ამერიკულმა სამხედრო კონტრაქტორმა, Northrop Grumman-მა აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალებისათვის შექმნილი ახალი, სტელს ტიპის ბირთვული ბომბდამშენი, B-21 წარადგინა. B-21 საკითხით დაინტერესებულ საზოგადოებას და შესაბამის პირებს კალიფორნიაში გამართულ სპეციალურ ცერემონიაზე გააცნეს.
ახალ ბომბდამშენს, მისი წინამორბედის, B-2-ის მსგავსი ფრთები აქვს და მას შორ მანძილზე როგორც ბირთვული, ისე კონვენციური საბრძოლო მასალის გადატანა შეუძლია. B-21-ს საწვავის ჰაერში შევსების შესაძლებლობაც ექნება.
საფრენი აპარატის აშშ-ის შეიარაღებული ძალებისათვის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვიზუალის გარდა, მისი დამატებითი შესაძლებლობებისა და სპეციფიკაციების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. როგორც ირკვევა, ერთი ერთეული B-21-ის ღირებულება 750 მილიონი აშშ დოლარია.
აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები B-1 და B-2 ბომბდამშენების ჩასანაცვლებლად 100 ერთეული ახალი B-21-ის ყიდვას გეგმავს. საინტერესოა, რომ პენტაგონისაგან კონტრაქტის მისაღებად Northrop Grumman-მა 2015 წელს კონკურენცია ისეთ სამხედრო კონტრაქტორებს გაუწია, როგორებიცაა: Boeing Co და Lockheed Martin Corp-ი.
Northrop-ი B-21-ს მეექვსე თაობის სტელს გამანადგურებელს უწოდებს, რომელშიც სამომავლოდ მოწინავე ტექნოლოგიების მქონე შეიარაღების ინტეგრაციაც შესაძლებელი იქნება. აღსანიშნავია, რომ ამჟამად პროგრამაზე სამხედრო კონტრაქტორის, ინდუსტრიული პარტნიორებისა და საჰაერო ძალების 6000-მდე თანამშრომელი მუშაობს. B-21-ის 6 ერთეული, რომელთაც პირველი ფრენა 2023 წლის შუა პერიოდში უნდა განახორციელონ, უკვე წარმოების საბოლოო ეტაპზეა.