რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ გაცემული ბრძანებით, ოთხშაბათს ატლანტიკის ოკეანეში ახალი თაობის ჰიპერბგერითი საკრუიზო რაკეტებით, Zircon-ებით შეიარაღებული ფრეგატი გაიგზავნა. სამხედრო და პოლიტანალიტიკოსების მოსაზრებით, აღნიშნული გადაწყვეტილება დასავლეთისთვის შეტყობინების გაგზავნას ისახავს მიზნად.
რუსეთი, ჩინეთი და შეერთებული შტატები ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაში ერთმანეთს უკვე დიდი ხანია ეჯიბრებიან. მიიჩნევა, რომ ჰიპერბგერითი იარაღი საომარ ვითარებაში დიდ უპირატესობას იძლევა, მისი სიჩქარისა და მანევრირების შესაძლებლობებით. ცნობისათვის, ჰიპერბგერითი რაკეტის სიჩქარე ბგერის სიჩქარეს დაახლოებით ხუთჯერ აღემატება.
თავდაცვის მინისტრ შოიგუსთან და გაგზავნილი ფრეგატის მეთაურ კროხმალთან ვიდეოზარის დროს პუტინმა აღნიშნა, რომ გემი სწორედ Zircon (Tsirkon)-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტებითაა აღჭურვილი. „ამჯერად გემი უახლესი თაობის იარაღითაა აღჭურვილი. დარწმუნებული ვარ ასეთი მძლავრი იარაღი რუსეთის პოტენციური საგარეო საფრთხეებისაგან საიმედოდ დაიცავს“ – განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა დამატებით აღნიშნა, რომ „იარაღს მსოფლიოში ანალოგი არ გააჩნია.“
შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში საომარ მოქმედებებში მის არსენალში არსებული სხვა ჰიპერბგერითი რაკეტა, Kinzhal-ი უკვე გამოიყენა.