ავტოინდუსტრიის ანალიტიკოსების მოსაზრებით, 2023 წელს ბაზარზე ელექტრომობილებს შორის განსაკუთრებული კონკურენციაა მოსალოდნელი. გასული წლებისაგან განსხვავებით, როდესაც მსოფლიო ბაზარზე სულ რამდენიმე მწარმოებლის ელექტრომობილი ფიგურირებდა, წელს საკუთარ EV-ს თითქმის ყველა ავტომწარმოებელი წარადგენს. მომავლის ბაზრის წილისათვის განსაკუთრებულად აქტიურ რბოლაში ისინი დაწინაურდებიან, ვინც მომხმარებლებს ფასის, ხარისხის, ინოვაციურობისა და ენერგოეფექტურობის საუკეთესო ტანდემს შესთავაზებს. Forbes Georgia-მ თავი იმ ელექტრომობილებს მოუყარა, რომლებიც დღის სინათლეს სწორედ წელს იხილავს.
Audi Q8 e-tron
გერმანული ავტომწარმოებელი საკუთარ ელექტროპარკს Q8 e-tron-ის განახლებული ვერსიით გაამდიდრებს. მოდიფიცირებულ ვარიანტს უფრო დახვეწილი დიზაინი და დიდი ზომის ელემენტები ექნება. ვარაუდობენ, რომ სამი ელექტროძრავით ახალი Audi Q8 e-tron-ი 496 ცხენისძალას გამოიმუშავებს და ერთი დამუხტვით 600 კილომეტრს გაივლის.
BMW i5
ჯერ კიდევ შარშან გამოშვებული i4-ით, BMW-მ დაამტკიცა თუ როგორ შეიძლება გაელექტროებულმა მოდელმა წინამორბედს ყველა ასპექტში აჯობოს. წელს კი გერმანული გიგანტი მე-5 სერიის ელექტრიფიკაციას გეგმავს და i5-ს წარადგენს, რომელიც 600 ცხენისძალას გამოიმუშავებს და ერთი დამუხტვით 570 კილომეტრს გაივლის.
Cadillac Lyriq
Cadillac-ი 2023 წელს ბრენდის პირველ ელექტრომობილს წარადგენს. ახალი ელექტრო-SUV-ი ორი კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი და ერთი დამუხტვით 500 კილომეტრს გაივლის. ელექტრომობილის ღირებულება კი 62,990 აშშ დოლარიდან დაიწყება.
Chevrolet Silverado
Chevrolet-ი საკუთარ პირველ ელექტროპიკაპ Silverado-ს გამოუშვებს. მძლავრი პიკაპი კონკურენციას Ford F-150 Lightning-ს გაუწევს და 754 ცხენისძალის გამომუშავებას შეძლებს. Chevrolet-ი გვპირდება, რომ პიკაპი ერთი დამუხტვით 645 კილომეტრს გაივლის.
GMC Hummer SUV
2022 წელს Hummer-ის ელექტროპიკაპ ვერსიის წარდგენის შემდეგ, GMC-ი ლეგენდარული ავტომობილის ელექტრო-SUV ვერსიასაც გვთავაზობს. ელექტრომობილს Hummer-ის შესაფერისი 830 ცხენისძალის გამომუშავება შეეძლება და 0-დან 100-მდე 3.5 წამში აჩქარდება. რაც შეეხება გარბენს, ერთი დამუხტვით 480 კილომეტრს გაივლის.
Hyundai Ioniq 6
სამხრეთკორეული გიგანტი საკუთარი ელექტრომობილების, Ioniq-ების ხაზს ზრდის და წელს ერთბაშად სამ ახალ მოდელს წარადგენს. თუმცა, ჩვენს ყურადღებას განსაკუთრებით Ioniq 6 იპყრობს. დახვეწილი ელექტროსედანების კატეგორიაში Ioniq 6 ერთ-ერთი ყველაზე კონკურენტული მოდელი იქნება. ის ერთი დამუხტვით 550 კილომეტრს გაივლის.
Kia EV9
ექსპერტების მოლოდინით, Kia EV9-ის საწარმოო ვერსიას 2023 წლის შუა პერიოდისათვის ვიხილავთ. სავარაუდოდ Kia-ს ელექტრომოდელი 7-ადგილიანი SUV-ი იქნება და ერთი დამუხტვით 480 კილომეტრს გაივლის. ელექტრომობილის ფასი 50,000 აშშ დოლარიდან დაიწყება.
Mercedes-Benz EQE SUV
გერმანული ავტომწარმოებლის ელექტრომობილების ხაზის უკანასკნელი და ყველაზე თანამედროვე მოდელი სწორედ EQE SUV-ი გახლავთ. ავტომობილი ორი კომპლექტაციით იქნება ხელმისაწვდომი. ერთძრავიანი, უკანა წამყვანი თვლების მქონე მოდელი 288 ცხენისძალას გამოიმუშავებს. ორძრავიან მოდელს კი 536 ცხენისძალის გამომუშავება შეეძლება. Mercedes-ის უახლესი ელექტრომოდელების ფასი 75,000 აშშ დოლარიდან დაიწყება.
Rolls-Royce Spectre
მდიდრული ავტომობილების ბრიტანული მწარმოებელი, Rolls-Royce წელს ელექტრო-Spectre-ს გამოუშვებს. ძვირადღირებული, საკულტო ელექტრომობილი 576 ცხენისძალას გამოიმუშავებს და 510 კილომეტრს გაივლის. მისი სავარაუდო ღირებულება ჯერჯერობით უცნობია.
Tesla Cybertruck
ბოლოს კი 2023 წლის მიწურულს დიდი ხნის ნანატრი Cybertruck-ის წარმოებაც უნდა დაიწყოს. თუმცა, ამის დარწმუნებით თქმას მაინც უნდა მოვერიდოთ. ჯერ კიდევ 2019 წელს მისი წარდგენიდან დღემდე ელექტროპიკაპის წარმოების დაწყების თარიღი არაერთხელ გადაიდო. ავტომწარმოებელი გვპირდება, რომ Tesla Cybertruck-ს ერთი დამუხტვით 800 კილომეტრის გავლა შეეძლება და 0-დან 100-მდე 2.9 წამში აჩქარდება.