საფეხბურთო სეზონის დასრულებამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება, ამიტომ Forbes Georgia-მ კიდევ ერთხელ გადაწყვიტა, რომ მკითხველისთვის ქართული ფეხბურთის ინდუსტრიაში მიმდინარე ამბები გაეცნო – ტრადიციულად ციფრებზე აქცენტირებით. წინა პერიოდის მსგავსად, ყველაზე ძვირად ღირებული ქართველი ფეხბურთელის სტატუსს კვლავინდებურად სოლომონ კვირკველია ინარჩუნებს, რომელმაც საკუთარი პოზიციები კიდევ უფრო გააუმჯობესა და მისი ასპარეზობა დღეისთვის 5.8 მილიონ ევროდ არის შეფასებული. შეგახსენებთ, რომ 2018 წლის იანვრის მდგომარეობით, იგი 4.6 მილიონ ევროდ იყო შეფასებული, შესაბამისად, კვირკველიამ საკმაოდ მოკლე დროში მნიშვნელოვანი პროგრესი დააფიქსირა.
ეროვნულ ლიგაში მოასპარეზე გუნდებიდან ყველაზე ძვირადღირებული ქუთაისის “ტორპედო” აღმოჩნდა. ქუთაისურმა კლუბმა ყველაზე ძვირად ღირებულის სტატუსი თბილისის „დინამოს“ დაათმობინა, რომელიც ამ დროისთვის ჩამონათვალში მესამე ადგილს იკავებს. შეგახსენებთ, რომ კლუბების ღირებულება იქ მოასპარეზე ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებების დაჯამებით არის გამოყვანილი. საქართველოს უმაღლეს საფეხბურთო ლიგაში სულ 228 ფეხბურთელია რეგისტრირებული, რომელთაგან 31, ანუ 13,6% ლეგიონერია. ფეხბურთელების საშუალო ასაკი 25,2 წელს წარმოადგენს, მთლიანად ლიგის ჯამური ღირებულება კი 35,80 მილიონი ევროა. მოყვანილი ინფორმაცია ცნობილი საფეხბურთო-ანალიტიკური საიტის, transfermarket.de-ს მონაცემებს ეფუძნება.