2017 წელს საქართველოში 60 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა

2017 წელს საქართველოში 60 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა

გასულ წელს საქართველოში 60 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა, საერთო ფართობით 166330 კვ.მ. რეგიორენის მიხედვით, ყველაზე მეტი სასტუმროს მშენებლობა აჭარაში დასრულდა და მათმა რაოდენობამ 21 შეადგინა. სტატისტიკის სამსახურის მიერ ფორბსისთვის მოწოდებული დეკლარირებული მონაცემების თანახმად, თბილისში გასულ წელს 13 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა.

11 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში 1-ის, ხოლო იმერეთში 6-ის. კახეთში 3 სასტუმროს მშენებლობა დასრულდა, ხოლო მცხეთა-მთიანეთში 1-ის.

ამასთან, 2017 წელსვე სასტუმროს მშენებლობაზე 311 ნებართვა გაიცა. მათგან ყველაზე მეტი – 127 თბილისში. 102 სასტუმროს მშენებლობაზე გაიცა ნებართვა აჭარაში, ხოლო იმერეთში 28 სასტუმროს მშენებლობაზე.

წელს საქართველოში 20-ზე მეტი ბრენდული სასტუმროს გახსნაა დაგეგმილი. ჯამში 2018-2019 წლებში საქართველოში 204 სასტუმროს მშენებლობა უნდა დასრულდეს, რის შედეგადაც ქვეყანას 25 000-ზე მეტი საწოლი ადგილი შეემატება.

მათ შორის, უნდა დასრულდეს Hilton Garden Inn-ის მშენებლობა ჭავჭავაძის ქუჩაზე. 2018 წელს უნდა დასრულდეს თბილისში ჭანტურიას ქუჩაზე Radisson Park Inn-ის მშენებლობა. კიდევ ერთი ბრენდული სასტუმრო, რომელიც თბილისს შეემატება Rixos Tbilisi-ია, რომელსაც City MLLC აშენებს. 2018 წელს გაიხსნება Moxy by Marriott თბილისში ზაარბურკერის ქუჩაზე. ასევე, 2018 წელს უნდა დასრულდეს Radisson BLU Telegraph-ის მშენებლობაც, რომელსაც Silk Road Group ახორციელებს. რამდენიმე სასტუმროს მშენებლობის დასრულებას გეგმავს საქართველოს თანაინვესტირების ფონდი. მათ შორის Marriott Autograph Collection-ის სასტუმრო თავისუფლების ომედანზე, რომელიც 220 ნომრიანი იქნება, Marriott Autograph Collection სოლოლაკში, რომელიც 187 ოთახს გააერთიანებს და Tabori Ridge Recreation & Golf Resort, რომელიც 100 ნომერს გააერთიანებს. 2018 წელს იგეგმება თბილისში ფაღავას ქუჩაზე Holiday Inn Express-ის მშენებლობის დასრულებაც, რომელსაც შპს Neo აშენებს. სასტუმროში 121 ოთახი იქნება განთავსებული.

4 ბრენდული სასტუმროს მშენებლობა დასრულდება ბათუმში. კერძოდ, მომავალ წელს დასრულდება Le Meridien-ის ბრენდის სასტუმროს მშენებლობა, რომელსაც Red-Co აშენებს. სასტუმროში 110 ოთახი და 230 საწოლი ადგილი განთავსდება.
310 ოთახს გააერთიანებს სასტუმრო Pulmann Hotels & Resort ბათუმში, რომელსაც DAR BUILDING Ltd აშენებს.