პარლამენტმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს მხარი არ დაუჭირა. მმართველმა პარტიამ იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმის მოგროვება ვერ შეძლო. კენჭისყრისას პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 90-მა დეპუტატმა გაიარა, მათგან პრეზიდენტის იმპიჩმენტს მხარი 86-მა მათგანმა დაუჭირდა, ერთი კი წინააღმდეგი იყო.
შეგახსენებთ, რომ 16 ოქტომბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე გადაწყვეტილება გამოაცხადა. დასკვნის მიხედვით, პრეზიდენტმა საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტების განხორციელებით საქართველოს კონსტიტუცია დაარღვია.ცხრა მოსამართლისგან შემდგარი პლენუმიდან კონსტიტუციის დარღვევაში პრეზიდენტი დამნაშავედ შვიდმა მოსამართლემ მიიჩნია – გადაწყვეტილებისთვის საჭირო მინიმუმ ექვი მოსამართლის ხმა იყო.
„ქართულმა ოცნებამ“ ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურა პირველ სექტემბერს დაიწყო. საკონსტიტუციო სასამართლომ, მმართველი პარტიის მიერ მომზადებული წარდგინების განხილვა, რომელიც სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ხუთ ოქტომბერს დაასრულა.
საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის უზენაესი კანონმდებლობის დარღვევას, მთავრობის თანხმობის გარეშე, მიმდინარე წელს ევროპაში განხორციელებული სამი სამუშაო ვიზიტის გამო ედავებიან, ესენია: გერმანიის პრეზიდენტთან ვიზიტი 31 აგვისტოს, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან 1 სექტემბერს და საფრანგეთის პრეზიდენტთან 6 სექტემბერს.
სასამართლოზე ზურაბიშვილის ინტერესებს პარლამენტის ყოფილი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე – მაია კოპალეიშვილი იცავდნენ. „ოცნებას“ კი ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი და თენგიზ შარმანაშვილი წარმოადგენდნენ. სხდომებს არ დასწრებია თავად პრეზიდენტი.