Grand Theft Auto VI-ის პირველმა ტრეილერმა გაშვებიდან საწყის 24 საათში 93 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და YouTube-ზე აქამდე არსებული რეკორდიც გააუმჯობესა. პლატფორმაზე GTA VI-ის ტრეილერი, Rockstar Games-ის მიერ ნაადრევად, გაჟონვის შედეგად გამოქვეყნდა.
YouTube-ის მონაცემებით, ყველაზე ნახვადი გაშვების გარდა, ტრეილერმა რეკორდი არამუსიკალური ვიდეოდებიუტისთვისაც დაამყარა. 90-წამიან ტრეილერს, ხუთშაბათის მონაცემებით, 123 მილიონზე მეტი ნახვა აქვს და ორშაბათს გაშვების შემდეგ პლატფორმაზე კვლავ ყველაზე პოპულარული ვიდეოა. YouTube-ის კრეატორებმა GTA VI-სთან დაკავშირებული ვიდეოებით კი 250 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვეს.
თუმცა რეკორდული მონაცემები გასაკვირი არცაა მას შემდეგ, რაც გასულ კვირას პლატფორმა X-ზე მხოლოდ ტრეილერის დაანონსებამ 2 მილიონი მოწონება და 150 მილიონი ნახვა დააგროვა. ტრეილერიდან GTA VI-ის დეკორაციების, მთავარი გმირებისა და სიუჟეტის შესახებ ახალი დეტალებიც გახდა ცნობილი, თეორიების ნაწილიც, ინტერნეტში რომ ვრცელდებოდა, დადასტურდა.
Grand Theft Auto V-ის გამოშვებიდან 10 წელზე მეტი გავიდა, ამ დროის განმავლობაში კი ვიდეოთამაშის 190 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. GTA V ყველა დროის მესამე ყველაზე გაყიდვადი ვიდეოთამაშია, Tetris-ისისა და Minecraft-ის შემდეგ. თამაშის დეველოპერ Rockstar Games-ის ინფორმაციით, GTA VI, რომელიც გავრცელებული ხმებით ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ვიდეოთამაში იქნება, 2025 წელს გამოვა.