აღრიცხვის საკასო მეთოდი (ინგლისურად cash method of accounting) არის ბუღალტრული აღრიცხვის მეთოდი, როცა ეკონომიკური მოვლენა ბუღალტრულ ანგარიშებში აისახება მხოლოდ მაშინ, როცა ხდება ფულადი სახსრების მიღება ან გადახდა.
აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას შემოსავლების მიღების მომენტად ითვლება: ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის მიღების მომენტი და უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ბანკში, გადასახადის გადამხდელის მიმდინარე ანგარიშზე ან სხვა ანგარიშზე ფულადი სახსრების ჩარიცხვის მომენტი.
აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება: ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას – ნაღდი ფულის გადახდის მომენტი და უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ან სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.