ამერიკელ ანტრეპრენიორსა და ფილმების პროდიუსერ ბაირონ ალენს Paramount Global-ის შეძენა სურს. Allen Media Group-ის ინფორმაციით, ბიზნესმენი მზადაა, მედიაკომპანიის შესაძენად სესხებისა და კაპიტალის ჩათვლით $30 მილიარდი გადაიხადოს.
Bloomberg News-ის ინფორმაციით, ბაირონ ალენმა Paramount Global-ის მთლიანი წილის შესაძენად კომპანიას $14.3 მილიარდი შესთავაზა.
„გვჯერა, რომ აღნიშნული $30-მილიარდიანი შეთავაზება, რომელიც მოიცავს კომპანიის არსებულ ვალდებულებებსა და აქტივებსაც, საუკეთესო გადაწყვეტა აღმოჩნდება Paramount Global-ის აქციონერებისათვის და შეთავაზება სერიოზულად აღიქმება“, – ნათქვამია Allen Media Group-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ჯერჯერობით მედიასთან აღნიშნულ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია Paramount Global-ის წარმომადგენლებს.
ცნობისთვის, Paramount Global-ის მფლობელობაში ისეთი ბრენდებია, როგორიცაა: Paramount Pictures-ი, CBS, Nickelodeon-ი, MTV, VH1, Comedy Central-ი და სხვა. ამერიკელი ანტრეპრენიორის, ბაირონ ალენის კომპანია კი Weather Channel-სა და 27 ადგილობრივ სატელევიზიო არხს ფლობს.