მოლდოვა საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს

მოლდოვა საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს

მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონში, დნესტრისპირეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, მოლდოვა საფრანგეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ხელშეკრულებას გააფორმებს.

სამხედრო და ეკონომიკურ სფეროებში თანამშრომლობის პაქტს ხელი პარიზში, საფრანგეთისა და მოლდოვის პრეზიდენტების შეხვედრაზე მოეწერება. საფრანგეთის პრეზიდენტის აპარატის განმარტებით, ემანუელ მაკრონი კიდევ ერთხელ დაადასტურებს საფრანგეთის მხარდაჭერას პარტნიორი ქვეყნის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობისა და უსაფრთხოების მიმართ.

ორმა სახელმწიფომ შეთანხმების პირველადი დეტალების შესახებ მოლოდინი  გასული წლის სექტემბერში გააცნეს ერთმანეთს. არსებული ინფორმაციით, საუბარია სამხედრო პერსონალის წვრთნასა და სადაზვერვო ინფორმაციის მიმოცვლაზე. გარდა ამისა, საფრანგეთი მოლდოვას თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაში დაეხმარება. პოტენციურად განიხილება მოლდოვისთვის ფრანგული ახლო მანძილზე მოქმედი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის, Mistral-ის მიყიდვის შესაძლებლობაც.

რამდენიმე კვირის წინ მოლდოვის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანამ ფრანგული კერძო სამხედრო-სამრეწველო კომპანიის, Thales-ის წარმოებული სარადარო სისტემა, Ground Master 200 შეიძინა, რაც საჰაერო სივრცის კონტროლში დაეხმარება. თავდაცვის პაქტი საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ მოლდოვის საჰაერო თავდაცვითი შესაძლებლობების აუდიტირებასაც გულისხმობს. რის შემდეგაც, მოლდოვის ცის დაცვის გასაძლიერებლად კონკრეტული რეკომენდაციები გაიცემა.

შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ დნესტრისპირეთის სეპარატისტულმა რეჟიმმა მოსკოვს ცენტრალური მთავრობის წინააღმდეგ დასახმარებლად მიმართა. თვითაღიარებული დნესტრისპირეთის რეჟიმი თვლის, რომ მოლდოვის მთავრობისაგან ეკონომიკურ ბლოკადაში იმყოფება და რუსეთს დაცვას სთხოვს. ცნობისათვის, დნესტრისპირეთში რუსული სამხედრო კონტინგენტი იმყოფება.