გუშინ ვენესუელის მოქმედმა მთავრობამ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ ნიკოლას მადურო გამოაცხადა. ადგილობრივი საარჩევნო კომისიის განცხადებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 51% აიღო. თუმცა გამოცხადებულმა შედეგებმა ოპოზიციური პარტიების უკმაყოფილება გამოიწვია, რასაც ვენესუელის რამდენიმე ქალაქში მრავალრიცხოვანი დემონსტრაციები მოჰყვა.
ოპოზიციის ლიდერი მარია კორინა მაჩადო აცხადებს, რომ მოსახლეობის 70%-ზე მეტმა მხარი ოპოზიციას დაუჭირა, პრეზიდენტმა მადურომ კი შედეგები გააყალბა. მსგავს ინფორმაციას ავრცელებენ სხვა ოპოზიციური პარტიები და საერთაშორისო დამკვირვებლები, საარჩევნო კომისიას კი საარჩევნო ოქმების გასაჯაროებისაკენ მოუწოდებენ.
ოპოზიციის მიერ მოპოვებული ოქმების თანახმად, მოქმედმა პრეზიდენტმა მადურომ მხოლოდ 2.75 მილიონი ხმა მიიღო, მისმა მეტოქემ ედმუნდო გონსალესმა კი – 6.27 მილიონი. ცნობისთვის, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ყოფილი დიპლომატი ედმუნდო გონსალესი გახლდათ.
ვენესუელის საარჩევნო უწყების შედეგებით, ნიკოლას მადუროს საპრეზიდენტო ვადა 2031 წლამდე გაუხანგრძლივდება. მადურო ვენესუელის გაერთიანებული სოციალისტური პარტიის წევრია, რომელიც ქვეყანას 2007 წლიდან მართავს.
დემონსტრანტები სხვადასხვა ქალაქში ვენესუელის ყოფილი პრეზიდენტის ჰუგო ჩავესისა და ნიკოლას მადუროს ძეგლებს ანადგურებენ, საპოლიციო ძალების ნაწილი კი დემონსტრაციების დაშლაზე უარს აცხადებს. საერთაშორისო თანამეგობრობა ვენესუელის მთავრობას შედეგების გადათვლისა და ოქმების გასაჯაროებისაკენ მოუწოდებს.