Forbes: Facebook-მა საარჩევნო დეზინფორმაციიდან $1 მილიონის შემოსავალი მიიღო

Forbes: Facebook-მა საარჩევნო დეზინფორმაციიდან $1 მილიონის შემოსავალი მიიღო

2020 წელს, მარკ ცუკერბერგმა და მისმა მეუღლე პრისცილა ჩანმა, არჩევნების სამართლიანად ჩატარების მხარდასაჭერად, მილიონობით დოლარი გაიღეს. თუმცა ამის შემდგომ, მილიარდერი წყვილის ჩართულობა ამ მიმართულებით აღარ იკვეთება. პირიქით, როგორც ამერიკული Forbes-ი წერს, წლევანდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე სულ რაღაც 6 დღით ადრე, Facebook-ზე ასობით რეკლამა იძებნება, რომელიც მომავალი არჩევნების შესაძლო გაყალბების ან გადავადების საკითხებს შეეხება.

როგორც სტატიიდან ირკვევა, მსგავსი რეკლამების განთავსებიდან Meta-მ მილიონ დოლარზე მეტი გამოიმუშავა. მხოლოდ გასულ კვირას, შემოსავალმა $350,000-ს გადააჭარბა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ტიპის კონტენტზე აშშ-ის ცეცხლმოკიდებული დროშის ფონზე დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი ეშმაკის რქებითაა გამოსახული, ასევე მრავლადაა პოსტაპოკალიფსური თემატიკის მასალა და მათ შორის პანდემიის თემებიც. ერთ-ერთ ასეთ სარეკლამო მასალაში ნავარაუდევია, რომ არჩევნებში ჰარისის გამარჯვების შემთხვევაში, ამერიკაში სამოქალაქო ომი გარდაუვალია.

ცნობისთვის, Meta-ს საარჩევნო წესდება პლატფორმაზე კრძალავს ისეთი ტიპის კონტენტის გავრცელებას, რომელიც თარიღებთან, ადგილმდებარეობასა და ხმის მიცემის მეთოდებთან დაკავშირებულ დეზინფორმაციას მოიცავს. იკრძალება წარსული ან მომავალი არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენებაც. Meta-ს სპიკერის, რაიან დანიელსის განცხადებით, პლატფორმაზე განთავსებამდე ყველა რეკლამა კომპანიის პოლიტიკის გათვალისწინებით მოწმდება.

ამერიკულმა Forbes-მა ყალბი რეკლამები Meta Ad Library-ის საშუალებით გამოიკვლია. Meta Ad Library-ის პლატფორმაზე წარმოდგენილია ინფორმაცია, როგორც უშუალოდ პოლიტიკური რეკლამების, ასევე მათგან მიღებული შემოსავლების შესახებ. მსგავსი ტიპის კონტენტი Forbes-მა Google-ის სარეკლამო ბიბლიოთეკაში ვერ აღმოაჩინა.

რეალურად, Meta-ს არჩევნებთან დაკავშირებული დეზინფორმაციის დიდი ისტორია აქვს. მაგალითად, 2016 წელს, რუსეთის ინტერნეტ კვლევის სააგენტომ, Facebook-ზე სარეკლამო და ორგანული პოსტები აშშ-ის არჩევნებში ჩარევისა და ტრამპის მხარდაჭერის მოტივით გამოიყენა. 2021 წელს, Facebook-ი და WhatsApp-ი ფართოდ გამოიყენებოდა კაპიტოლიუმზე თავდასხმის ორგანიზებისთვისაც. წლევანდელი არჩევნების წინ კი, ყალბი სარეკლამო კონტენტის უმრავლესობა დემოკრატების კანდიდატის, კამალა ჰარისის წინააღმდეგაა მიმართული.

როგორც გითხარით, 2020 წლის არჩევნების მხარდასაჭერად ცუკერბერგმა მილიონობით დოლარი გაიღო. $400-მილიონიანი შემოწირულებიდან უდიდესი ნაწილი ისეთ ორგანიზაციებში გადაირიცხა, რომლებიც არა უშუალოდ კანდიდატთა მხარდაჭერაზე, არამედ არჩევნების ინფრასტრუქტურის განვითარებაზე იყო ფოკუსირებული.

საინტერესოა ისიც, რომ ცუკერბერგი, რამდენიმე თვის წინ ტრამპზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა და რესპუბლიკელთა კანდიდატი უარყოფით კონტექსტში მოიხსენია. თუმცა, ამის საპირისპიროდ, ტრამპმა განაცხადა, რომ ცუკერბერგი პირადად მას დაუკავშირდა და უთხრა, რომ წლევანდელ არჩევნებში მხარს ვერ დაუჭერდა. Meta-ს ტრამპისთვის დარეკვის ფაქტი არ უარუყვია, თუმცა განაცხადა, რომ ცუკერბერგს თავის არჩევანზე კომენტარი არ გაუკეთებია.