Baidu-ს ყოფილი AI-სპეციალისტი მილიარდერი გახდა

Baidu-ს ყოფილი AI-სპეციალისტი მილიარდერი გახდა

იუ ქაი, ხელოვნური ინტელექტის სპეციალისტი, რომელიც Baidu-ს ავტონომიური მართვის პროექტის ფუძემდებელია, მილიარდერთა სიას შეუერთდა. იუს ქონებამ მილიარდიან ნიშნულს მის მიერვე დაარსებული სტარტაპის, Horizon Robotics-ის აქციების ღირებულების ზრდის გავლენთ გადააჭარბა.

ოთხშაბათის მონაცემებით, Horizon Robotics-ის აქციების ფასი თითქმის 16%-ით გაიზარდა და ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია. ახალბედა მილიარდერი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, თავმჯდომარე და უმსხვილესი აქციონერია. Horizon Robotics-ში იუს წილი, მათ შორის საოჯახო ტრასტების მეშვეობით, 13%-ს შეადგენს. კომპანიაში არსებული აქციების ღირებულების გათვალისწინებით კი, ამერიკული Forbes-ი ბიზნესმენისა და AI-სპეციალისტის ქონებას $1 მილიარდად აფასებს.

პეკინში დაფუძნებული Horizon Robotics-ი, ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე დაახლოებით ერთი კვირის წინ დაილისტა. აქციების პირველადი საჯარო განთავსების ფარგლებში კომპანიამ $685 მილიონი მოიზიდა. 47 წლის იუმ, სტარტაპი 2015 წელს, Baidu-ს კვლევებისა და განვითარების განყოფილების ყოფილ უფროსთან, ჰუანგ ჩანგთან ერთად დააარსა.

Horizon Robotics-ი მუშაობს როგორც პროგრამული უზრუნველყოფის, ასევე აპარატული უზრუნველყოფის, ე.წ. „ჰარდვეარ“ მიმართულებით და ავტონომიური მართვის სისტემების განვითარებაზეა ფოკუსირებული. Horizon Robotics-ის მომხმარებლებს შორის არიან წამყვანი ავტომწარმოებლები: Volkswagen-ი, Hyundai Motor-ი, BYD-ი და Geely.