უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის განცხადებით, უკრაინამ აშშ-ისგან დახმარების ახალი პაკეტი მიიღო. გრანტის მოცულობა $1.35 მილიარდია და ის ჰუმანიტარული და სოციალური პროგრამების დაფინანსებას მოხმარდება.
„აღნიშნული დახმარება მნიშვნელოვანი ინვესტიციაა უკრაინის მედეგობასა და გლობალურ უსაფრთხოებაში“, – წერს უკრაინის პრემიერ-მინისტრი სოციალურ ქსელში.
უკრაინის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, მიმდინარე წელს პირდაპირი საბიუჯეტო დახმარების სახით უკრაინამ დასავლელი პარტნიორებისაგან მთლიანობაში $28.2 მილიარდი მიიღო.
უკრაინის ოფიციალური პირები დასავლეთს უფრო მეტი ფინანსების გამოყოფისკენ მოუწოდებენ. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მოთხოვნა შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებაა, პირდაპირი ფინანსური კონტრიბუციაც მნიშვნელოვანია. ომის გამო უკრაინის ეკონომიკა, მომსახურებისა თუ წარმოების ინდუსტრიები, მნიშვნელოვნად დაზარალდა, შესაბამისად, ქვეყანაში სულ უფრო ნაკლები სამუშაო ადგილი იქმნება. გრანტის სახით მიღებულ ტრანშებს კი უკრაინის მთავრობა სოციალური დახმარებებისთვის, სამხედროების ხელფასებისა და ჰუმანიტარული მიზნებისთვის იყენებს.
ჯერჯერობით უცნობია, როგორი იქნება აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკა უკრაინისათვის პირდაპირი ფულადი დახმარების ან სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებასთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკის ექსპერტები ტრამპის მხრიდან დახმარებების შემცირებას პროგნოზირებენ, ამაზე ოფიციალური პოზიცია ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯერ არ გაუჟღერებია.