უკრაინის პრემიერ-მინისტრის დენის შმიჰალის განცხადებით, აშშ-ისაგან უკრაინას გაყინული რუსული აქტივების პირველი ტრანში უკვე გადაეცა. ჯამში G7-ის ინიციატივის ფარგლებში უკრაინას აშშ-ისაგან $20 მილიარდი უნდა გადაეცეს, პირველი $1-მილიარდიანი ტრანზაქცია კი უკვე განხორციელდა.
შეგახსენებთ, რომ დიდი შვიდეულის წევრი სახელმწიფოები უკრაინისათვის გაყინული რუსული აქტივებიდან $50 მილიარდის გადაცემაზე რამდენიმე კვირის წინ შეთანხმდნენ. საკუთარი $20-მილიარდიანი წილის მსოფლიო ბანკის ფონდში გადარიცხვის განკარგულება კი აშშ-ის პრეზიდენტმა ცოტა ხნის წინ გასცა.
როგორც ირკვევა, აღნიშნული დახმარების პაკეტი უკრაინას ეტაპობრივად მიეწოდება. როდის განხორციელდება გადახდის შემდეგი ტრანში, ჯერჯერობით უცნობია. უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ამერიკელ პარტნიორებსა და მსოფლიო ბანკს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ გაყინული რუსული აქტივები სრულად მოხმარდება უკრაინის აღმშენებლობას.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიო ბანკის მიერ წლის დასაწყისში გამოცემული ანგარიშის თანახმად, უკრაინის დანგრეული ინფრასტრუქტურის აღსადგენად და რეკონსტრუქციისათვის $486 მილიარდია საჭირო.
უკრაინის პრემიერ-მინისტრის, დენის შმიჰალის, განცხადებით, უკრაინამ სოციალურ და ჰუმანიტარულ პრობლემებთან გასამკლავებლად მსოფლიო ბანკის განვითარების პოლიტიკის სესხის პროგრამის ფარგლებში, იაპონიისა და გაერთიანებული სამეფოსგან დამატებით $1 მილიარდი მიიღო.