ტრამპი ისრაელის „რკინის გუმბათის“ ამერიკული ვერსიის შექმნას გეგმავს

ტრამპი ისრაელის „რკინის გუმბათის“ ამერიკული ვერსიის შექმნას გეგმავს

ორშაბათს აშშ-ის ახალმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომელიც შეერთებული შტატების მიერ ისრაელური წარმოების ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა „რკინის გუმბათის“ მსგავსი რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის შექმნას ითვალისწინებს. ისრაელური „რკინის გუმბათის“ ანალოგის შექმნაზე ტრამპმა საპრეზიდენტო კამპანიაშიც არაერთხელ ისაუბრა.

ისრაელური „რკინის გუმბათი“ ახლო მანძილზე მოქმედი ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაა, რომელიც მაღალი ეფექტიანობით გამოირჩევა და, ძირითად შემთხვევაში, სამიზნეების 99%-ს ანეიტრალებს. რამდენად რელევანტური იქნება აშშ-ის შემთხვევაში ახლო მანძილზე მოქმედი ჰსთ სისტემის ანალოგის შექმნა და რა ეფექტიანობა ექნება მას საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების წინააღმდეგ, ამაზე შეიარაღების ექსპერტები იმსჯელებენ.

ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა კომპლექსური, მრავალი შრის მქონე სისტემაა, რომელიც ახლო მანძილზე მოქმედი ჰსთ სისტემების გარდა, საშუალო და შორ მანძილზე მოქმედ დანადგარებს, ასევე, რადიოლოკაციურ სადგურებსა და სხვადასხვა სახის ელექტრონულ საშუალებებს აერთიანებს. სხვა მოწინავე სამხედრო შესაძლებლობების მქონე სახელმწიფოების მსგავსად, ისრაელის საჰაერო თავდაცვის ზღუდეც სწორედ ამ პრინციპით არის აგებული, სადაც „რკინის გუმბათი“ ახლო მანძილზე მოქმედი სამიზნეების განადგურებაზეა პასუხისმგებელი.

დონალდ ტრამპის განმარტებით, სისტემა სრულად შეერთებული შტატების ტერიტორიაზე შეიქმნება. აღმასრულებელი ბრძანების თანახმად, „ამერიკული რკინის გუმბათი“ შორ მანძილზე მოქმედი სამიზნეების, ბალისტიკური, ჰიპერბგერითი, საკრუიზო და სხვა სახის რაკეტების გასანეიტრალებლად უნდა შეიქმნას.

გარდა ამისა, აღმასრულებელი ბრძანება სარაკეტო თავდაცვის სისტემების ტექნოლოგიის განვითარებაში, შესაძლებლობების გაზრდასა და ოპერაციებში ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავებას ითვალისწინებს.