ლიეტუვას საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბალტიისპირა სახელმწიფომ ბელარუსს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უჩივლა. ბრალდების თანახმად, მეზობელი სახელმწიფო ლიეტუვაში მიგრანტების არალეგალურად შეყვანას ორგანიზებასა და ფასილიტაციას უწევს.
ქვეყნის იუსტიციის მინისტრის, რიმანტას მოკუსის განცხადებით, არალეგალი მიგრანტების ნაკადების ორგანიზებისა და შედეგად ადამიანის უფლებათა დარღვევებისათვის ბელარუსულ რეჟიმს სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. „ჩვენ აღნიშნული საქმე მიგვაქვს გაეროს მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში, რათა გავგზავნოთ მკაფიო შეტყობინება: არცერთ სახელმწიფოს არ შეუძლია გამოიყენოს მოწყვლადი ადამიანები საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პასუხისმგებლობის დაკისრების გარეშე“, – განმარტა მან.
ცნობისთვის, 2021 წელს ლიეტუვა, ლატვია და პოლონეთი საიმიგრაციო კრიზისს უმკლავდებოდნენ, რადგან ბელარუსის გავლით აღნიშნულ ქვეყნებში ახლო აღმოსავლეთიდან და აფრიკიდან ათასობით არალეგალი მიგრანტი გადადიოდა. თავად ბელარუსი აღნიშნული საიმიგრაციო ნაკადების ორგანიზების ბრალდებას უარყოფს.
ლიეტუვამ ICJ-ში საჩივარი 19 მაისს შეიტანა. ბალტიისპირა ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს მიგრანტების სახმელეთო, საზღვაო და საჰაერო გზით უკანონო გადაყვანის წინააღმდეგ ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამოძიებისაკენ მოუწოდებს. ლიეტუვას საგარეო უწყების განმარტებით, მათ მიერ ბელარუსის მხრიდან ნაკადების მართვის ორგანიზების მტკიცებულებები შეგროვებულია და ის ICJ-ს გადაეცემა. ქვეყნის პოზიციაა, რომ ბელარუსი აღნიშნულს ევროკავშირის ინსტიტუტების დესტაბილიზაციის მიზნით ახორციელებდა.