მედიასააგენტო Reuters-ისათვის ოფიციალური პირების მიერ მიწოდებული ცნობების თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას შორ მანძილზე მდებარე ენერგოობიექტებზე, რომლებიც უკრაინის არმიისთვის სამიზნეს წარმოადგენს, სადაზვერვო ინფორმაციას გაუზიარებს. აღნიშნულის პარალელურად, შტატებში უკრაინისათვის ისეთი რაკეტების გადაცემასაც განიხილავენ, რომლებიც ამ სამიზნეებს მისწვდება.
გავრცელებული ინფორმაციით, აშშ უკრაინისათვის მსგავსი მხარდაჭერის გაწევას ნატოს მოკავშირეებისგანაც ითხოვს. შეერთებული შტატების პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთის მიმართ რიტორიკა განსაკუთრებით გაამკაცრა. სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარების გადაწყვეტილება კი შეცვლილი რიტორიკის ერთ-ერთი პირველი პრაქტიკული გამოხატულებაა.
მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი კიევს უკვე რამდენიმე წელია, სადაზვერვო ინფორმაციას უზიარებს, WSJ-ის ინფორმაციით, ამიერიდან რუსულ ენერგოინფრასტრუქტურაზე, ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე, მილსადენებსა და ელექტროსადგურებზე იერიში უფრო მარტივი იქნება.
ცნობისთვის, აშშ-ში განიხილავენ უკრაინისათვის საკრუიზო რაკეტის, Tomahawk-ების გადაცემის შესაძლებლობას, რომლის მოქმედების მანძილიც 2,500 კილომეტრამდეა.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის მეორე ვადით არჩევიდან მალევე აშშ-ის მიერ უკრაინისათვის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდების რამდენიმე დღით შეწყვეტას ფრონტის ხაზზე დიდი პრობლემები მოჰყვა. შესაბამისად, უკრაინელებისთვის აშშ-ისა და ევროპელი მოკავშირეების მიერ გაზიარებულ სადაზვერვო ინფორმაციას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს და მტრის მოქმედებების წინასწარ განსაზღვრაში მათ დიდად ეხმარება.