ისრაელის მთავრობამ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ისრაელის მთავრობამ „ჰამასთან“ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა

ისრაელის მთავრობამ ტერორისტულ ორგანიზაცია „ჰამასთან“ გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. შეთანხმების რატიფიცირებიდან 24 საათში ღაზის სექტორში ცეცხლი სრულად უნდა შეწყდეს, რის შემდეგაც „ჰამასს“ მძევლების გასათავისუფლებლად 72 საათი მიეცემა.

დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი 20-პუნქტიანი გეგმის პირველი ფაზა „ჰამასის“ მიერ ცოცხალი და გარდაცვლილი მძევლების გადაცემას, სანაცვლოდ კი ისრაელის მიერ ორგანიზაციის მხარდამჭერი პატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს.

შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დაპირისპირება 2023 წლის 7 ოქტომბერს, ამ უკანასკნელის მიერ ისრაელის ტერიტორიაზე მოულოდნელი შეტევის შემდეგ დაიწყო. „ჰამასის“ თავდასხმას 1,200-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რის საპასუხოდაც ისრაელმა ღაზის სექტორში სამხედრო ოპერაცია დაიწყო. ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ორი წლის განმავლობაში ტერიტორიაზე დაბომბვებისა თუ სხვა სახის სამხედრო მოქმედებების შედეგად 67,000-მდე პალესტინელი დაიღუპა. ორი წლის თავზე კი მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას საბოლოოდ მიაღწიეს.

ცნობისათვის, ეს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გაფორმებული პირველი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება არ არის. 2025 წლის იანვრის შეთანხმების შემდეგ ტერორისტულმა ორგანიზაციამ 30-მდე მძევალი გაათავისუფლა, თუმცა მხარეებს შორის დამატებითი მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. საერთაშორისო მედიატორების, აშშ-ის, ეგვიპტისა და კატარის მცდელობების მიუხედავად, საბოლოო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე კონსენსუსი ამ დრომდე ვერ მიიღწა.

ამჯერად შეთანხმების მთავარი გარანტორი თავად აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპია, რასაც „ჰამასის“ ხელმძღვანელობაც ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ღაზის სექტორში 20 მძევალი ისევ ცოცხალია, 26 კი გარდაცვლილი. „ჰამასმა” გარდაცვლილი მძევლების ცხედრების მომზადებისათვის დამატებითი დრო მოითხოვა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.