აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები გუშინ კიდევ ერთი ერთობლივი სამიტის გამართვაზე შეთანხმდნენ. დონალდ ტრამპის განცხადებით, ვლადიმირ პუტინთან მომდევნო შეხვედრა შესაძლოა ორი კვირის განმავლობაში ბუდაპეშტში შედგეს. აღნიშნული განცხადება ტრამპმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც პუტინთან ორსაათიანი სატელეფონო საუბარი გამართა, რომელიც პროდუქტიულად შეაფასა.
„მთელი ცხოვრებაა, გარიგებებს ვდებ. ვფიქრობ, ჩვენ ამას ამ შემთხვევაშიც გავაკეთებთ, იმედია, მალე“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრის შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიიღებს. ზელენსკი ამერიკაში მეტი სამხედრო მხარდაჭერის მისაღებად, მათ შორის შორ მანძილზე მოქმედი Tomahawk-ების მისაღებად მიემართება. საინტერესოა, რომ პუტინის უმოქმედობით იმედგაცრუება აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ყოველდღიურად იმატებს, რის გამოც ტრამპი უკრაინისათვის ზემოთ აღნიშნული ტიპის შეიარაღების გადაცემას სულ უფრო აქტიურად განიხილავს.
თუმცა პუტინთან სატელეფონო საუბრის შემდეგ ტრამპის განწყობამ უახლოეს პერიოდში უკრაინისათვის სამხედრო დახმარების გაზრდის შესაძლებლობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. მიუხედავად ტრამპის არაერთგზის გაჟღერებული მუქარისა, აშშ-ს რუსეთის მისამართით უფრო მკაცრი ფინანსური, ეკონომიკური თუ პოლიტიკური ზომები ჯერჯერობით არ მიუღია. ზოგიერთი პოლიტიკური ანალიტიკოსის შეფასებით, პუტინთან ალასკაზე გამართულმა სამიტმაც კონკრეტული შედეგების გარეშე ჩაიარა.
კრემლის წარმომადგენლის, იური უშაკოვის მიერ გავრცელებული განცხადებით, პუტინმა ტრამპს სატელეფონო საუბრისას განუმარტა, რომ უკრაინისათვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების გადაცემა სამშვიდობო პროცესსა და აშშ-რუსეთის ურთიერთობას მნიშვნელოვნად დააზიანებს.