კატარში, დოჰაში გამართულ შეხვედრაზე პაკისტანი და ავღანეთი ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. მხარეებს შორის სასაზღვრო დაპირისპირება ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2021 წელს თალიბანის მიერ ავღანეთის ხელისუფლების დაბრუნების შემდეგ ეს მეზობლებს შორის სამხედრო კონფრონტაციის ყველაზე მძიმე შემთხვევა იყო.
პაკისტანის თავდაცვის მინისტრის, ხავაჯა მუჰამადის განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მიღწეულია, თუმცა მხარეები შეთანხმების დეტალების განსახილველად 25 ოქტომბერს კიდევ ერთხელ შეხვდებიან. შეთანხმება დაადასტურა თალიბანის პრესსპიკერმა ზაბიჰულა მუჯაჰიდმაც.
მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გაფორმებას მედიაციას თურქეთი და კატარი უწევდნენ.
შეგახსენებთ, ავღანეთსა და პაკისტანს შორის შეტაკებები დურანდის ხაზზე, ქვეყნებს შორის არსებულ 2,640-კილომეტრიან საზღვარზე ერთი კვირის წინ დაიწყო და მას ორივე მხრიდან 500-მდე სამხედროს სიცოცხლე ემსხვერპლა. მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთ-პაკისტანის საზღვარზე შეტაკებები პერიოდულად აქამდეც ხდებოდა, ამჯერად ესკალაცია მას შემდეგ მოხდა, რაც ისლამაბადმა ქაბული ისლამისტური ჯგუფების, მათ შორის „თეჰრიკ-ი-თალიბან პაკისტანისათვის“ (TTP), ავღანეთის ტერიტორიიდან მოქმედების ნების დართვაში დაადანაშაულა.
აღნიშნული დაპირისპირების ესკალაციის მთავარი საბაბი პაკისტანის საჰაერო ძალების მიერ ავღანეთის ტერიტორიაზე, ქაბულში განხორციელებული საჰაერო დარტყმები იყო. ავღანეთის დედაქალასა და რამდენიმე პროვინციაში TTP-ის ლიდერის, ნურ ვალი მეჰსუდის ლიკვიდაციის მიზნით რამდენიმე წერტილოვანი თავდასხმა განხორციელდა. პაკისტანის მთავრობის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერი ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მასზე თავდასხმა განხორციელდა. ავღანეთის მთავრობამ პაკისტანი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევაში დაადანაშაულა და აღნიშნულის საპასუხოდ ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნების საზღვარზე, პაკისტანის გამშვებ პუნქტებზე იერიში მიიტანა.
საინტერესოა, რომ, თავის მხრივ, თალიბანი პაკისტანს „ისლამურ სახელმწიფოსთან” დაკავშირებული ჯგუფების მფარველობაში ადანაშაულებს, რომლებიც თალიბანთან დაპირისპირებაში იმყოფებიან. აღნიშნულ ბრალდებას ისლამაბადი უარყოფს.
თალიბანის პრესსპიკერის განცხადებით, დოჰაში ჩატარებულ მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ არც ერთი ქვეყანა მეორის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებს არ ჩაიდენს და პაკისტანის წინააღმდეგ მოქმედ ორგანიზაციებს ავღანეთი მხარს არ დაუჭერს.