აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ საკუთარ სოცმედიაპლატფორმაზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, გადასახადის გადამხდელი ყველა ამერიკელი 2025 წელს ტარიფებისგან მიღებული შემოსავლიდან $2,000-ს მიიღებს. აღნიშნულ განცხადებას ტრამპი აშშ-ის უზენაეს სასამართლოში ტარიფების კანონიერების განხილვის პარალელურად აქვეყნებს.
შეგახსენებთ, მსგავსი ინიციატივა დონალდ ტრამპისთვის პირველი შემთხვევა არ არის. ხუთი წლის წინ, მისი პრეზიდენტობის პირველი ვადისას, ტრამპმა კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს გარკვეული ფინანსური დახმარება გაუწია.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ფისკალური სერვისების ბიუროს მონაცემებით, 2025 ფისკალურ წელს ქვეყანამ ტარიფებით $195 მილიარდის მოცულობის შემოსავალი მიიღო. Yale-ის საბიუჯეტო ლაბორატორიის პროგნოზით, თუკი აღნიშნული ტარიფები შენარჩუნდება, შეერთებული შტატები მომდევნო ათწლეულის განმავლობაში $2.6 ტრილიონს მიიღებს.
როგორც ჩანს, დონალდ ტრამპის ინიციატივა სწორედ აღნიშნულ რიცხვებს ეფუძნება. Forbes-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი გადასახადის გადამხდელებისთვის ტარიფებიდან მიღებული შემოსავლის დივიდენდის სახით $1000-დან $2000-მდე გადახდას განიხილავს. დივიდენდის მთავარი დანიშნულება კი სწორედ ტარიფების გამო გაძვირებული პროდუქციის დამსახურებით მიღებული ეკონომიკური და ფინანსური წნეხის შემცირება იქნება.
ფინანსური ანალიტიკოსები კამათობენ იმის შესახებ, დაიბეგრება თუ არა ტრამპის მიერ დაანონსებული დივიდენდი. მათი მტკიცებით, სტანდარტულ შემთხვევაში აღნიშნული დივიდენტი ტექნიკურად შემოსავალს წარმოადგენს, რაც დაბეგვრის საგანი ხდება. აღნიშნული დივიდენდი არ არის კლასიკური დივიდენდი, რომელსაც აქციონერი კომპანიისაგან იღებს და განსხვავებულ საგადასახადო პირობებს ექვემდებარება. შესაბამისად, ანალიტიკოსების გათვლებით, თუკი ტრამპის ადმინისტრაცია განსხვავებულ მიდგომაზე არ იზრუნებს, რეალურად გადასახადის გადამხდელები დაბეგვრის შემდეგ $1,260-დან $1,800-მდე მიიღებენ, მათი შემოსავლების გათვალისწინებით.
სწორედ ამიტომ, საკითხზე დამატებითი დეტალების გაზიარების გარეშე, ინიციატივა ბევრ ღია კითხვას ტოვებს.














