Amazon-ი OpenAI-ში $10-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

Amazon-ი OpenAI-ში $10-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

Reuters-ის ინფორმაციით, Amazon-ს OpenAI-ში ინვესტიციის განხორციელება სურს, რის შემდეგაც ხელოვნური ინტელექტის კომპანიის ღირებულება $500 მილიარდს გაუტოლდება.

ამერიკული მედიასააგენტოსთვის წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, Amazon-ი ChatGPT-ის მწარმოებელში $10 მილიარდის მოცულობის ინვესტიციის განხორციელებას განიხილავს. თუმცა ორ კომპანიას შორის მოლაპარაკებები ჯერჯერობით ადრეულ ეტაპზეა და შესაძლოა ინვესტიციის მოცულობაც შეიცვალოს.

ინდუსტრიების ორ წამყვან კომპანიას შორის პოტენციური შეთანხმება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ხელოვნური ინტელექტის სექტორში გამოთვლით სიმძლავრეზე არსებულ მზარდ მოთხოვნას.

OpenAI-მ წელს ამ მიმართულებით Nvidia-სა და Oracle-თან რამდენიმე მილიარდდოლარიანი შეთანხმება გააფორმა. ნოემბერში კი Amazon-ისგან ქლაუდ-სერვისების მისაღებად $38-მილიარდიან გარიგებას მიაღწია.

მიუხედავად ამისა, ინვესტორები ბოლო კვირების განმავლობაში ხელოვნური ინტელექტის სექტორის ზრდის ეფექტიანობის მიმართ კრიტიკულად არიან განწყობილები. მათი ნაწილი ფიქრობს, რომ ის ინვესტიცია, რაც ბოლო წლების განმავლობაში ამ ინდუსტრიაში განხორციელდა, შესაბამის ამონაგებს ვერ იძლევა.

ცნობისთვის, OpenAI-ს მომავალ წელს საკუთარი აქციების საჯაროდ განთავსებაც სურს. Reuters-ის მიერ ოქტომბერში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა კომპანია საფონდო ბირჟაზე $1-ტრილიონიანი ღირებულებით დაილისტოს. შეგახსენებთ, OpenAI-ს 27%-იან წილს ტექნოლოგიური კომპანია Microsoft-ი ფლობს და OpenAI-ს მოდელების ქლაუდ-მომხმარებლებლისთვის მიყიდვის ექსკლუზიური უფლებაც აქვს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.