ტრამპის ადმინისტრაციამ Fed-ის თავმჯდომარესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ტრამპის ადმინისტრაციამ Fed-ის თავმჯდომარესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ამერიკული მედიასააგენტოების ინფორმაციით, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ამერიკის ფედერალური რეზერვის თავმჯდომარის, ჯერომ პაუელის წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიება დაიწყო. ტრამპის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებამ პოუელთან დაკავშირებით დიდი კრიტიკა დაიმსახურა როგორც აღნიშნული ფინანსური ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელებში, ისე რესპუბლიკელ პოლიტიკოსებშიც.

ჯერომ პაუელის განმარტებით, აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა უკვე ჩაიბარა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ წარდგენილი სასამართლო უწყება მის გამოკითხვასთან დაკავშირებით. საქმეს ვაშინგტონის პროკურორი ჯანინ პირო აწარმოებს.

ჯანინ პიროს მიერ გუშინ გავრცელებული განცხადების თანახმად, აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სამართლებრივი ზომები იმ მიზეზით მიიღო, რომ ფედერალურმა რეზერვმა არაერთხელ უარყო მოთხოვნა, განხილულიყო ხარჯების გადაჭარბების შემთხვევები ორი ისტორიული შენობა-ნაგებობის რემონტის პროექტში.

მოგეხსენებათ, გასულ წელს აშშ-ის ფედერალური რეზერვის შტაბბინაში არსებული ამ შენობების რემონტი დაიწყო.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ჯერომ პაუელის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების პარალელურად, აშშ-ის გრძელვადიანი სახაზინო ობლიგაციების განაკვეთები გაიზარდა, რისი მიზეზიც აშშ-ის ფედერალური რეზერვის სისტემის დამოუკიდებლად მუშაობის მიმართ ინვესტორების მხრიდან ეჭვების გაჩენაა.

პოლიტიკური მიმომხილველების აზრით, ტრამპის ადმინისტრაციის ნაბიჯი ჯერომ პაუელზე საპროცენტო განაკვეთების შესამცირებლად ბერკეტს წარმოადგენს და წნეხს ზრდის. ჯერომ პაუელი Fed-ის თავმჯდომარის პოზიციაზე თავად დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის პირველი ვადისას, 2017 წელს წარადგინა. მისი ვადა აღნიშნულ პოზიციაზე მიმდინარე წლის მაისში მთავრდება, რის შემდეგაც ტრამპმა Fed-ის ახალი თავმჯდომარის კანდიდატი უნდა წარადგინოს. ვის დაუჭერს მხარს ტრამპი ამ საპასუხისმგებლო პოზიციაზე, ჯერჯერობით უცნობია.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.