ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს | უნციის ღირებულებამ რეკორდულ $5,092-ს გადააჭარბა

ოქროს ფასი ზრდას განაგრძობს | უნციის ღირებულებამ რეკორდულ $5,092-ს გადააჭარბა

ოქროს ფასმა ახალი რეკორდი მოხსნა. ერთი უნცია ძვირფასი მეტალის ღირებულებამ $5,092-ს გადააჭარბა. ანალიტიკოსების მოსაზრებით, წლის ბოლოსთვის ოქროს ღირებულება $6,000-მდე იქნება.

ოქროზე მოთხოვნის ზრდა შარშან დაიწყო, რაც ძირითადად გეოპოლიტიკურმა დაძაბულობამ განაპირობა. ომების სიმრავლემ, აშშ-ის სავაჭრო ომმა თუ სხვა ეკონომიკურ-პოლიტიკურმა ფაქტორებმა ინვესტორებს არჩევანის უფრო საიმედო და ტრადიციულ საინვესტიციო აქტივზე გაკეთებისაკენ უბიძგა.

2025 წელს ოქროს ფასი 64%-ით გაიზარდა, რაც 1979 წლის შემდეგ რეკორდული მაჩვენებელია. წელს კი ოქრომ უკვე 17%-იანი ზრდის დაფიქსირება მოასწრო.

ძირითად შემთხვევაში, აქტივის ზრდის ახალ ტალღას ხელს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოტენციური ქმედებები უწყობს. გასულ კვირას ეს გრენლანდიასთან დაკავშირებული დაძაბულობა იყო, ამჯერად კი კანადისთვის 100%-იანი ტარიფების დაწესების მუქარაა.

ოქროზე ინვესტორთა განწყობებს ზრდის ის მოლოდინიც, რაც წელს აშშ-ის ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის სავარაუდოდ ორჯერ შემცირებაა. გარდა ამისა, ოქროს ფასის ზრდაზე დიდი გავლენა იქონია ცენტრალური ბანკების შესყიდვების ზრდამ და დედოლარიზაციის ტენდენციამაც.

ცნობისთვის, რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა ერთი უნცია ვერცხლის ფასიც და $109 დოლარს გადააჭარბა. გასულ წელს ვერცხლის ღირებულება ჯამში 147%-ით გაიზარდა.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.