ავტომობილების შესყიდვისას მყიდველისთვის ბრენდის სანდოობა, ავტომობილის გამძლეობა და საიმედოობა ხშირ შემთხვევაში გადამწყვეტი ფაქტორია. სწორედ ამიტომ, საავტომობილო ბრენდები, ვიზუალური დეტალების გარდა, უდიდეს ყურადღებას უთმობენ ავტომობილების ტექნიკურ და საინჟინრო მდგომარეობას. სტატიაში წარმოგიდგენთ 2026 წლის ყველაზე საიმედო საავტომობილო ბრენდების რეიტინგს, რომელიც შედგენილია Consumer Reports-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად.
კვლევა ითვლის ე.წ. საიმედოობის მოსალოდნელ მაჩვენებელს ყველა ახალი ავტომობილის, სატვირთოსა და SUV-ის მოდელისთვის, რომელიც წელს ბაზარზე გამოვა. ამისათვის კი სანდოობის ყოველწლიურ კვლევას იყენებენ, რომელიც, თავის მხრივ, მოიცავს მომხმარებლების ანგარიშებს საკუთარი ავტომობილების პრობლემებთან დაკავშირებით. 2026 წლის რეიტინგისათვის Consumer Reports-მა 380,000 ავტომობილის მონაცემები დაამუშავა.
კვლევის თანახმად, სრულად ელექტრული და დამუხტვადი ჰიბრიდული მოდელები კვლავ ყველაზე პრობლემურ ავტომობილებად რჩება, მაშინ როდესაც არადამუხტვადი ჰიბრიდული ავტომობილები ყველაზე დიდი საიმედოობით გამოირჩევა.
2026 წლის საიმედო საავტომობილო ბრენდების რეიტინგში ტოპ-10 ადგილიდან 6 იაპონურ ბრენდებს უკავია. რეიტინგის სათავეში, 100-დან 66-ქულიანი საიმედოობის მაჩვენებლით იაპონური Toyota გვხვდება. რეიტინგის მეორე, მესამე და მეოთხე პოზიციებზე კი Subaru, Lexus-ი და Honda არიან. აღნიშნული ბრენდები საავტომობილო ინჟინერიის კონსერვატიულ მიდგომებს იზიარებენ და გამოირჩევიან ავტომობილის მაღალი სასიცოცხლო ციკლით, თუმცა ამავდროულად ზრუნავენ ტექნოლოგიურ განვითარებაზეც. მაგალითისათვის, Toyota-ს ავტომობილების ინჟინერია გათვლილია იმაზე, რომ ავტომობილმა შესაბამისი სერვისის მიღების შემთხვევაში, 350,000-მდე კილომეტრის გავლა უპრობლემოდ უნდა შეძლოს.
საინტერესოა, რომ რეიტინგის მეხუთე პოზიციას ათეულში ერთადერთი ევროპული ბრენდი BMW იკავებს. მთლიანობაში ევროპული საავტომობილო ბრენდები კვლევის თანახმად, გარდამავალი საიმედოობით გამოირჩევა. მეორე ყველაზე სანდო ევროპული ავტომწარმოებლის, Audi-ს პოზიცია რეიტინგში 13-ით განისაზღვრა.
სიის მეექვსე და მეშვიდე ადგილები კვლავ იაპონურ ბრენდებს, Nissan-სა და Acura-ს ეკუთვნის. მომდევნო, მე-8 და მე-9 პოზიციებზე კი უკვე ამერიკული ავტომწარმოებლები, Buick-ი და Tesla არიან. რეიტინგის ათეულის ბოლო პოზიციაზე კი სამხრეთკორეული Kia გვხვდება.
გამორჩეული ევროპული საავტომობილო ბრენდები, Volkswagen-ი და Mercedes-Benz-ი კი ათეულს მიღმა, შესაბამისად, მე-16 და მე-19 პოზიციებზე ხვდებიან.
| რეიტინგი | ბრენდი | საიმედოობის ქულა | მწარმოებელი ქვეყანა |
| 1 | Toyota | 66 | იაპონია |
| 2 | Subaru | 63 | იაპონია |
| 3 | Lexus | 60 | იაპონია |
| 4 | Honda | 59 | იაპონია |
| 5 | BMW | 58 | გერმანია |
| 6 | Nissan | 57 | იაპონია |
| 7 | Acura | 54 | იაპონია |
| 8 | Buick | 51 | აშშ |
| 9 | Tesla | 50 | აშშ |
| 10 | Kia | 49 | სამხრეთი კორეა |














