როგორია ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე?

როგორია ბოლო ცნობები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტზე?

28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანში მდებარე კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე კოორდინირებული თავდასხმა განახორციელეს, რომლის მიზანიც ირანის სამხედრო ინფრასტრუქტურის განადგურება და გავლენიანი პოლიტიკური და სასულიერო პირების, მათ შორის ქვეყნის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის ლიკვიდაცია იყო.

ქვეყნის მეორე უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც ირანს 1989 წლიდან მართავდა, სწორედ აღნიშნულ თავდასხმას ემსხვერპლა. ისრაელისა და აშშ-ის სამხედრო და პოლიტიკურ მიზანს ირანში რეჟიმის ცვლილებისთვის შესაბამისი ნიადაგის მომზადებაც წარმოადგენდა, რისი წინაპირობაც სწორედ აიათოლას ლიკვიდაცია იყო.

შეგახსენებთ, ირანზე ისრაელის ბოლო იერიში 2025 წლის ივნისში განხორციელდა და ორ ქვეყანას შორის 12-დღიანი ომის შედეგად ირანის ბირთვული ობიექტები განადგურდა. მიმდინარე ესკალაციას კი წინ ომანის მედიაციით ჟენევაში რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებები უძღოდა.

ისრაელისა და აშშ-ის ერთობლივი საჰაერო იერიშების შედეგად დაიღუპა ირანის ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ალი შამხანი და თავდაცვის მინისტრი აზიზ ნასირზადეც. გარდა ამისა თავდასხმას ემსხვერპლა ირანის შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი აბდულრაჰიმ მუსავი და ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ხელმძღვანელი მუჰამად ფაქფური. თავდასხმის საპასუხოდ კი ირანმა ბალისტიკური რაკეტებითა და კამიკაძე დრონებით იერიში მიიტანა რეგიონში აშშ-ის სამხედრო ბაზებსა და სამოქალაქო დანიშნულების ობიექტებზე იორდანიაში, ქუვეითში, ბაჰრეინში, კატარში, ერაყში, საუდის არაბეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.

გარდა ამისა, თავდასხმის საპასუხოდ ირანის ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვის ბრძანება გასცა და ნებისმიერი სახის გემს სრუტეში გავლა აუკრძალა, რამაც ნავთობის ფასის ზრდა გამოიწვია.

ცნობისთვის, ირანის ახალ უზენაეს ლიდერს, კონსტიტუციის თანახმად ექსპერტთა კრება ირჩევს, რომელიც 88 სასულიერო პირისაგან შედგება. თუმცა ლიდერის არჩევამდე ქვეყნის მმართველობას დროებითი წინამძღოლთა საბჭო ახორციელებს, რომელიც სამი პირისაგან შედგება. აღნიშნული საბჭო აერთიანებს პრეზიდენტს, სასამართლო ხელისუფლების ხელმძღვანელსა და საზედამხედველო საბჭოს წევრს. საზედამხედველო საბჭოდან შესაბამისმა ორგანომ ალირეზა არაფი აირჩია.

რამდენიმე საათის წინ გავრცელებულდა ინფორმაცია, რომ ირანმა სარაკეტო შეტევა განახორციელა კვიპროსში მდებარე დიდი ბრიტანეთის სამხედრო ბაზაზეც. დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებს საჭირო თავდასხმების განსახორციელებლად რეგიონში საკუთარი სამხედრო ინფრასტრუქტურის გამოყენების უფლება მისცა.

სხვადასხვა მონაცემებით, ირანზე განხორციელებულ იერიშს 500-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ესმხვერპლა. ირანის მიერ საპასუხო შეტევის შედეგად კი სხვადასხვა სახელმწიფოში რამდენიმე ათეული ადამიანი დაიღუპა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ გუშინ სამხედრო მოქმედებებში ჩაერთო ლიბანში ირანის მოკავშირე შიიტური ტერორისტული ორგანიზაცია „ჰეზბოლაც“ და აიათოლას ლიკვიდაციის გამო ისრაელის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონებზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. აღნიშნულის საპასუხოდ ისრაელმა ლიბანში რამდენიმედღიანი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადა და სამხრეთ ლიბანში 300-მდე სოფლის ევაკუაციის შეტყობინება გაავრცელა.

ირანზე განხორციელებული თავდასხმა დაგმო ჩინეთმა და რუსეთმა და მხარეებს კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარებისკენ მოუწოდა. მიუხედავად ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გავრცელებული მუქარებისა, ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ირანი კვლავ ომანის შუამავლობით მოლაპარაკების მაგიდასთან დაბრუნების პერსპექტივას განიხილავს.

ნებისმიერ შემთხვევაში, საკითხის დიპლომატიური გზებით გადაწყვეტის პერსპექტივა ირანის ახალ ხელმძღვანელობაზე იქნება დამოკიდებული. მანამდე კი გარდამავალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საპასუხო ზომების მიღების კონსოლიდაციისა და მართვის ჯაჭვის შენარჩუნების ამოცანა აქვს.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.