ფოტო: FREDERIC J. BROWN/AFP via Getty
საკითხთან დაახლოებულ პირებზე დაყრდნობით, ამერიკული მედიასააგენტო Reuters-ი ინფორმაციას ავრცელებს, რომ ელექტრომობილების ამერიკული მწარმოებელი Tesla $2.9 მილიარდის ღირებულების მზის პანელებისა და ქსელის ასაწყობად საჭირო ჩინური მოწყობილობების შესყიდვას გეგმავს.
წყაროების ინფორმაციით, Tesla პოტენციურ პარტნიორად ჩინურ Suzhou Maxwell Technologies-ს განიხილავს. მიმდინარე წლის იანვარში Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორის, ილონ მასკის განცხადებით, შესაძლოა ახალმა მზის პანელებმა ელექტრომობილების დასამუხტად ელექტროენერგიაზე შეერთებული შტატების სრული მოთხოვნაც კი დააკმაყოფილოს.
შეგახსენებთ, Tesla-ს ერთ-ერთი ახალი მიმართულება მზის პანელებით ელექტროენერგიის გამომუშავებაა. ამ მიზნით, ილონ მასკი შეერთებულ შტატებში ჯამში 100 გიგავატი სიმძლავრის მზის პანელების განთავსებას ისახავს მიზნად. ამ მიზნის განხორციელებას ამერიკელი მილიარდერი 2028 წლის ბოლოსთვის გეგმავს.
წყაროს მიერ Reuters-ისათვის მიწოდებული ინფორმაციით, მზის ენერგოპანელების მწარმოებელი ჩინური Suzhou Maxwell Technologies-ი ჩინეთის ვაჭრობის სამინისტროსგან ექსპორტზე ნებართვას ელოდება. ნებართვის საჭიროება შესყიდვის სიიდან გამომდინარე გაჩნდა. Tesla მზის პანელების გარდა, ამ პანელების საწარმოებლად საჭირო მთლიანი საწარმოო ხაზის შესყიდვასაც აპირებს, რათა წარმოება ადგილობრივად შეძლოს.
ილონ მასკის გეგმა Tesla-ს ელექტრომობილებისთვის საჭირო ელექტროენერგიის მოთხოვნის დაკმაყოფილებაა. თუმცა შესაძლოა, მზის პანელები SpaceX-ის სატელიტებისთვისაც გამოიყენონ.
ცნობისთვის, 2024 წელს შეერთებულ შტატებში ჯამურად 1,300 გიგავატი ელექტროენერგია გამოიმუშავეს, საიდანაც მხოლოდ 10% იყო მზისგან მიღებული ელექტროენერგია.















