ფოტო: readers.id
თეთრი სახლის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა Meta Platforms-ის აღმასრულებელი დირექტორი მარკ ცუკერბერგი, Oracle-ის CEO ლარი ელისონი და Nvidia-ს აღმასრულებელი ხელმძღვანელი ჯენსენ ჰუანგი აშშ-ის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ საბჭოში დანიშნა. აღნიშნული საბჭოს მიზანი ხელოვნურ ინტელექტსა და სხვა ტექნოლოგიურ საკითხებზე სახელმწიფოს პოლიტიკის განსაზღვრა იქნება.
„პრეზიდენტის სამეცნიერო და ტექნოლოგიურ მრჩეველთა საბჭოში“ (PCAST) 13 წევრი იქნება. კანდიდატთა დასახელების პირველ ეტაპზე საბჭოში მოხვდნენ Google-ის თანადამფუძნებელი სერგეი ბრინი და AMD-ის აღმასრულებელი დირექტორი ლიზა სუც.
შეგახსენებთ, რომ ჩინეთთან კონკურენციის ფონზე, დონალდ ტრამპმა საკუთარ მეორე ვადაში უმთავრეს პრიორიტეტად ხელოვნური ინტელექტის სფეროში შეერთებული შტატების დომინაციისა და ლიდერობის განმტკიცება დაასახელა.
საპრეზიდენტო ოფისის დაკავების პირველივე დღეებში ტრამპმა ფედერალურ სააგენტოებს AI-სთან დაკავშირებული სამოქმედო გეგმის შემუშავება მოსთხოვა, რათა რეგულაციებისა და ბიუროკრატიული ბარიერების შემცირება დაწყებულიყო. აღნიშნულის საბოლოო მიზანი კერძო სექტორში ინოვაციების ზრდა იყო.
თეთრი სახლის განმარტებით, სამეცნიერო და ტექნოლოგიური საბჭო საბოლოოდ, სავარაუდოდ, 24 წევრისგან დაკომპლექტდება. ტრამპის მიერ წარდგენილი ბოლო კანდიდატების ვინაობა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია წამყვან ტექნოლოგიურ კომპანიებთან სტრატეგიულად თანხვდენილია.
საბჭოს ორი მდივანი ეყოლება. ერთი თეთრ სახლში ხელოვნური ინტელექტისა და კრიპტოინდუსტრიის თემების ხელმძღვანელი დევიდ საქსი იქნება, მეორე კი თეთრი სახლის ტექნოლოგიური მრჩეველი მაიკლ კრაციოსი.
















