დაუმარცხებელმა ტერენს კროუფორდმა, რომელსაც გვერდში უორენ ბაფეტი უდგას, რინგზე $100 მილიონზე მეტი გამოიმუშავა და ახლახან კრივის პანთეონში თავისი ადგილი გაიმყარა. ვინაა 38 წლის ჩემპიონის შემდეგი მეტოქე? – მისი უდიდებულესობა დრო.
ავტორი: ჯასტინ ბირნბაუმი, ფოტოგრაფი: ჯამელ ტოპინი
თავისი კარიერის ყველაზე დიდ ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე, სექტემბერში, ლას-ვეგასში კანელო ალვარესის წინააღმდეგ საჩემპიონო შერკინებამდე, დაუმარცხებელმა ტერენს „ბად“ კროუფორდმა თავისი საათების კოლექცია თამამად შეავსო. ფუფუნების საგნების გამყიდველმა WatchGuys-მა მას $15,000-იანი Rolex Submariner-ი აჩუქა და მიუხედავად იმისა, რომ კრივის ისტორიაში ერთ-ერთ ურთულეს მოწინააღმდეგესთან დაპირისპირებამდე 48 საათი რჩებოდა, საათის უკანა მხარეს წარწერა თამამად წინასწარმეტყველებდა მის ახალ რეკორდს: 42-0.
“მათ იმდენად სჯეროდათ ჩემი, რომ იცოდნენ, გავიმარჯვებდი”, – ამბობს 38 წლის კროუფორდი, რომელიც ნებრასკის შტატის ქალაქ ომაჰაში, B&B Sports Academy-ში, მის საკრივო დარბაზში, ერთსულოვანი გადაწყვეტილებით მიღწეულ გამარჯვებას იხსენებს. “ვფიქრობდი, რომ [ალვარესი] ვერ დამამარცხებდა. იმ ღამეს მოსაგებად მან ვერაფერი გააკეთა“.
მორიდებულ კროუფორდს ერჩივნა მის მაგივრად 17-წლიან პროფესიულ კარიერას ელაპარაკა, რომელიც 31 ნოკაუტს, ხუთ წონით კატეგორიაში მიღებულ მსოფლიო ჩემპიონის 18 ჯილდოს და სამ აბსოლუტურ ტიტულს მოიცავს. თუმცა ფავორიტი ალვარესის დამარცხებითა და ორი წონითი კატეგორიის წინ გადახტომით, მან თავისი ადგილი დაიმკვიდრა კრივის პანთეონში თავისი ეპოქის სხვა პრიზიორების, მათ შორის მენი პაკიაოს და ოლექსანდრ უსიკის გვერდით.
ასეთ გაბედულ რისკს, როდესაც მან თავისი დაუმარცხებელი რეკორდი გაცილებით დიდ ალვარესთან ბრძოლისას გაწია, კიდევ უფრო დიდი ფინანსური ჯილდო მოჰყვა: მისი კარიერის ყველაზე დიდი ანაზღაურება. Forbes-ის შეფასებით, კროუფორდმა იმ ღამეს $50 მილიონი გამოიმუშავა, რითიც მისი მთელი ცხოვრების განმავლობაში კრივში მიღებულმა შემოსავალმა $100 მილიონს გადააჭარბა.
ნუ ელით, რომ ის ყველაფერს ერთ ადგილას დახარჯავს. კროუფორდმა საფონდო ბირჟაზე განახორციელა ინვესტიცია და $20 მილიონზე მეტი ღირებულების უძრავი ქონების პორტფელი დააგროვა, რადგან, როგორც თავად ამბობს, „ღმერთი მეტ მიწას აღარ ქმნის“. ის ამტკიცებს კიდეც, რომ მისი საათების კოლექცია, რომლის ღირებულებაც Forbes-ის მიხედვით $500,000-დან $1 მილიონამდეა და ისეთ ძვირადღირებულ ექსპონატებს მოიცავს, როგორიცაა Patek Philippe Travel Time Aquanaut, Audemars Piguet Royal Oak Chronograph და რამდენიმე Rolex, არა მხოლოდ თვალისმომჭრელი სიამოვნებაა, არამედ ისეთი აქტივია, რომლის ფასიც აუცილებლად გაიზრდება.
“იმდენი ფულით, რასაც რინგზე გამოვიმუშავებ, აჩქარება არაფერში მჭირდება, – ამბობს ის, – ზოგიერთ ადამიანს სურს სიჩქარე და რისკზე წასვლა, მე კი როცა რისკს ვერ ვაკონტროლებ, მისი მოყვარული მაინცდამაინც არ ვარ“.
საკუთარ ფინანსებზე კონტროლით, ის ყველაფერს იზამს, რომ ფუჭად ერთი დოლარიც კი არ დაკარგოს. მაგალითად, მერჩის ბიზნესში კროუფორდმა ერთხელ უარი თქვა დამატებით 99 ცენტის დახარჯვაზე, რათა მაისურების ახალი ხაზისთვის, რომელთა დამზადება $12 ღირდა და რომლებიც $40-ად იყიდებოდა, კისერზე ეტიკეტი დაემატებინა. და მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში 18-კაციან სამეგობროსთან ვახშმისას მან გულუხვად გადაიხადა $2,000-იანი ჩეკი, წინასწარ იზრუნა, რომ 15%-იანი ფასდაკლების კუპონი მიეღო.
“ის ეკონომიურია, — ამბობს კროუფორდის დიდი ხნის მეგობარი სტივენ ნელსონი, მისი სპორტული დარბაზის ოპერაციების ხელმძღვანელი, — ფიქრობს, რომ ფული გონივრულად უნდა ხარჯო“.
ესაა ის, რაც კროუფორდს საერთო აქვს მისი მშობლიური ომაჰის უმდიდრეს მცხოვრებთან, უორენ ბაფეტთან. Berkshire Hathaway-ის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი ასევე ცნობილია თავისი ფინანსური წინდახედულობით, ცხოვრობს იმავე სახლში, რომელიც 1958 წელს $31,500-ად იყიდა, მართავს მოკრძალებულ მანქანებს, მიირთმევს McDonald’s-ში და, მიუხედავად მისი დაახლოებით $150-მილიარდიანი ქონებისა, გასახსნელ ტელეფონს იყენებს.
წლების განმავლობაში ბაფეტი კროუფორდის დიდი თაყვანისმცემელი გახდა და მის რამდენიმე ბრძოლას დაესწრო. 95 წლის ომაჰის ორაკულმა სექტემბერში 22:00 საათზე დაძინების დროსაც კი რამდენიმე საათით გადააჭარბა, რათა Netflix-ზე მისი ალვარესთან დაპირისპირება ენახა. გარდა იმისა, რომ ბაფეტი რინგზე კროუფორდის ოსტატობას აფასებს, ის აღტაცებულია თავისი თანამემამულე ნებრასკელის გამოზომილი დამოკიდებულებით ინვესტირებისადმი.
“მე მინახავს უამრავი საბრძოლო ჩემპიონი, რომლებიც, მათი გამდიდრებული გარემოცვის ფონზე, გაკოტრებულები კვდებოდნენ, – ამბობს ბაფეტი, – არა მგონია, ბადმა ასე დაასრულოს. მას თავი თავის ადგილზე აქვს“.
კროუფორდს დიდი შანსები არ ჰქონდა, თუ გავითვალისწინებთ, რომ ის დანაშაულითა და სიღარიბით ცნობილ რეგიონში, ჩრდილოეთ ომაჰაში იზრდებოდა. 2008 წელს, მაშინ 20 წლის ახალგაზრდას, კამათლის თამაშის შემდეგ, მანქანაში მჯდომარეს თავში ტყვია მოხვდა (ტყვია ტვინს ოდნავ ასცდა). ოჯახის ფინანსური პრობლემების შემყურე ახალგაზრდა კროუფორდმა ყოველი დოლარის შენახვის ჩვევა შეიძინა. საბოლოოდ, ის მიხვდა, რომ „ფეხსაცმლის ყუთში გადანახული ფული დაზოგვას ნამდვილად არ ნიშნავს“.
კროუფორდი მადლობელია თავისი მეოთხე კლასის მასწავლებლის, ჯეიმი ნოლეტის, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მისთვის ფინანსური და ბუღალტრული საკითხების უკეთ გაცნობაში. ის ასევე სპარინგობდა ყოფილ მსოფლიო ჩემპიონ ტიმოთი ბრედ ლისთან, რომელმაც ინვესტიციის ჩადება და შპს-ის შექმნა ურჩია. ეს რჩევა კროუფორდს 2015 წელს $1 მილიონზე მეტი თანხისთვის ბრძოლების დაწყებისას გამოადგა.
მომდევნო ათწლეულის განმავლობაში მისმა შემოსავალმა კიდევ უფრო მოიმატა, განსაკუთრებით 2021 წელს თავის ყოფილ პრომოუტერ ბობ არუმის Top Rank Boxing-იდან უსიამოვნო წამოსვლის შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ სპორტის ყველაზე დიდი ბრძოლები კროუფორდს კარიერის უმეტესი ნაწილის განმავლობაში ხელიდან უსხლტებოდა, მათ შორისაა ლეგენდარულ პაკიაოსთან დაპირისპირების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობაც, მან თავისი შანსი ორი წლის შემდეგ მოიპოვა, როდესაც ცხრა რაუნდში ეროლ სპენს უმცროსი დაამარცხა და, როგორც ამბობენ, ამ ბრძოლით $25 მილიონი გამოიმუშავა.
“შეხვედრიდან შეხვედრამდე, კროუფორდი მუდმივად ანგრევდა მრავალი ადამიანის მოლოდინს, რომლებიც თავიდანვე არ ფიქრობდნენ, რომ მას სუპერვარსკვლავის პოტენციალი ჰქონდა”, – ამბობს სპორტული მიმომხილველი ჯიმ ლემპლი, რომელიც 30 წელი HBO Championship Boxing-ის ხმად მუშაობდა. “ის უბრალოდ მიხვდა, რომ საქმე მოთმინებაში იყო, რომ საკუთარ პრინციპებს უნდა მიჰყოლოდა, ისე უნდა ებრძოლა, როგორც შეეძლო, და ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. და ასეც მოხდა“.
ამ ეტაპზე კროუფორდი არც ალვარესთან ხელახალ მატჩზე ფიქრობს, და არც მისი საკრივო კარიერის შემდგომი ნაბიჯებისთვისაა მზად. მისი თქმით, დაუმარცხებლად პენსიაზე გასვლა, ფლოიდ მეივეზერ უმცროსისა და როკი მარჩიანოს მსგავსად, „კურთხევა“ იქნებოდა. თანაც მას ნამდვილად არ სჭირდება რინგზე დაბრუნება შემოსავლის მისაღებად. Forbes-ის შეფასებით, კროუფორდი ყოველწლიურად მინიმუმ $2 მილიონს შოულობს ცნობილ ბრენდებთან პარტნიორობიდან, მათ შორის Crown Casino-დან, Riyadh Season-იდან და Everlast-იდან, ასევე სხვა ბიზნესწამოწყებებიდან. მისმა დიდი ხნის მწვრთნელმა, ბერნი დევისმა, ახლახან განაცხადა, რომ კროუფორდის რინგზე დასაბრუნებლად $100 მილიონი იქნება საჭირო.
ხელთათმანებთან საბოლოო დამშვიდობების შემდეგ კროუფორდი უძრავი ქონების სფეროს უფრო მეტად ჩაუღრმავდება. ამჟამად მას თითქმის 80 უძრავი ქონება აქვს, საცხოვრებელი და კომერციული, რომელიც ომაჰაში, კანზას-სიტისა და კოლორადო-სპრინგსშია განლაგებული, და თითოეულში ნაღდი ფულია გადახდილი. საბოლოოდ, მას ამ ჯგუფისთვის ლას-ვეგასის დამატებაც სურს. მისი პორტფოლიო ამჟამად ზარალით მუშაობს, რასაც ის რამდენიმე წელიწადში შეცვლის, მაგრამ ამის მისაღწევად სწრაფი შემოსავლის ძიებას არ აპირებს.
“არ მინდა რისკზე წასვლა, – ამბობს კროუფორდი, – რინგზე ძალიან დიდ რისკზე მივდივარ”.
Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი

















