ფოტო: Getty Images
Bloomberg-ის ინფორმაციით, ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი Anthropic-ი დაფინანსების ახალი რაუნდისთვის ემზადება, კომპანიის შეფასება კი $900 მილიარდი იქნება. გამოცემის თანახმად, Claude-ის შემქმნელი ამჟამინდელ ღირებულებაზე ორჯერ უფრო დიდი შეფასების შეთავაზებებს იღებს მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საინვესტიციო რაუნდი ოფიციალურად არ გახსნილა.
შეგახსენებთ, Anthropic-მა მიმდინარე წლის თებერვალში $30 მილიარდი $380-მილიარდიანი შეფასებით მოიზიდა. ამჟამად კომპანიის მიზანი დამატებით $50 მილიარდის მოზიდვაა. TechCrunch-ის ინფორმაციით, ამ კაპიტალის მიღებას კომპანია $850-900 მილიარდამდე შეფასებით შეეცდება. საკუთარი ღირებულების შეფასების შესახებ გადაწყვეტილებას სამეთვალყურეო საბჭო მაისში დაგეგმილ შეხვედრაზე მიიღებს.
იმ შემთხვევაში, თუკი Anthropic-ი ინვესტიციის მოზიდვას სწორედ ზემოთ აღნიშნული შეფასებით შეძლებს, ის ყველაზე ძვირადღირებული ხელოვნური ინტელექტის სტარტაპი გახდება და OpenAI-საც გადაასწრებს. ცნობისათვის, ამ უკანასკნელის ღირებულება მარტის შეფასებით $852 მილიარდი იყო.
ფინანსური ანალიტიკოსების მოსაზრებით, კომპანიის მიერ ბოლო თვეების განმავლობაში დაფიქსირებული ტექნოლოგიური მიღწევების გათვალისწინებით, Anthropic-ს დაგეგმილი შეფასებით ინვესტიციის მოზიდვა არ უნდა გაუჭირდეს.

















