CIA-ის დირექტორი კუბაზე გაემგზავრა | აშშ-ის ბლოკადის გამო ქვეყანაში საწვავის მარაგები იწურება

CIA-ის დირექტორი კუბაზე გაემგზავრა | აშშ-ის ბლოკადის გამო ქვეყანაში საწვავის მარაგები იწურება

ფოტო: Getty Images

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გუშინ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი კუბაზე გაემგზავრა და ქვეყნის ოფიციალურ პირებს შეხვდა. აშშ-სა და კუბას შორის პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე აღნიშნული შეხვედრა საზოგადოების დიდ ყურადღებას იპყრობს.

ჯონ რეტკლიფის ვიზიტი გავრცელებული განცხადებით დაადასტურა კუბის მთავრობამაც, სადაც აღნიშნულია, რომ შეხვედრა ნათელი დემონსტრირებაა იმის, რომ კუბა აშშ-ის უსაფრთხოებისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს და არც ტერორიზმის დამფინანსებელი სახელმწიფოა. ცნობისთვის, ტრამპის ადმინისტრაციამ 2021 წელს კუბა ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოთა სიაში შეიყვანა.

კუბის მთავრობის განცხადებით, სახელმწიფო არ უჭერს მხარს და არ აფინანსებს ტერორისტულ ან ექსტრემისტულ ორგანიზაციებს. კუბის მთავრობამ აღნიშნული განმარტება აშშ-ის ბრალდების საპასუხოდ გააკეთა, რომ კუნძული ვეღარ იქნება უსაფრთხო ნავსაყუდელი დასავლეთ ნახევარსფეროს მტრებისათვის. Associated Press-ის თანახმად, აღნიშნული ბრალდება სწორედ CIA-ის დირექტორთან შეხვედრაზე გაჟღერდა.

კერძოდ, ჯონ რეტკლიფმა კუბის მთავრობას აცნობა, რომ აშშ მზადაა განიხილოს სხვადასხვა ეკონომიკური და უსაფრთხოების საკითხი იმ შემთხვევაში, თუ კუბაში ფუნდამენტური ცვლილებები მოხდება.

კუბის პრეზიდენტმა, მიგელ დიას-კანელმა X-ზე გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დაძაბულობა უფრო მარტივად და სწრაფად მოგვარდება, თუ აშშ ქვეყნისთვის დაწესებულ ნავთობბლოკადას მოხსნის. შეგახსენებთ, რომ ტრამპის ბრძანებით, კუბა აშშ-ის ნავთობბლოკადაში იმყოფება და ქვეყანა ენერგორესურსების შესყიდვას ვერ ახერხებს. ამის გამო კუბაზე საწვავის მარაგი თითქმის ამოიწურა.

კუბის „მეგობრულად დაკავების“ შესახებ განცხადება ტრამპმა პირველად ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ გაავრცელა. ტრამპი თებერვალში აღნიშნავდა, რომ კუბა „დიდი პრობლემის წინაშეა“ და „ფული არა აქვს“. კუბისთვის ნავთობბლოკადის დაწესების მთავარი მიზეზი, ტრამპის განმარტებით, ქვეყნის მიერ დასავლეთის მტრების – რუსეთის, ჩინეთისა და ტერორისტული ორგანიზაციებისათვის უსაფრთხო ნავსაყუდლის მიცემაა.

 

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.