Forbes-ის 2026 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები | მთავარი მიგნებები და რეკორდები

Forbes-ის 2026 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენები | მთავარი მიგნებები და რეკორდები

Illustration by Alice Lagarde for Forbes; Photos by Thearon W. Henderson/Getty Images; Clive Brunskill/Getty Images; Chris Carter/Getty Images; Hector Vivas/Formula 1/Getty Images

 

ამერიკულმა Forbes-მა 2026 წლისთვის მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი გამოაქვეყნა. განახლებული მონაცემებით, რეიტინგში შემავალი ათლეტების პირველმა 50-ეულმა, უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში, გადასახადებისა და აგენტების ჰონორარების ჩათვლით, კოლექტიურად დაახლოებით $4.1 მილიარდი გამოიმუშავა. მიუხედავად იმისა, რომ ეს რიცხვი გასული წლის ისტორიულ მაქსიმუმს, $4.2 მილიარდს მცირედით ჩამოუვარდება, წელს სამმა სპორტსმენმა საკუთარ სპორტის სახეობებში ინდივიდუალური რეკორდების დამყარება მაინც მოახერხა.

„ფერარის“ ბრიტანელი პილოტი ლუის ჰამილტონი ფორმულა 1-ის ისტორიაში პირველი მრბოლელი გახდა, რომლის წლიურმა შემოსავალმა $100 მილიონს გადააჭარბა — ტრეკზე გამომუშავებული თანხისა და მის მიღმა, სარეკლამო და ბიზნესსაქმიანობების წყალობით. პარალელურად კი „ალ-ნასრის“ პორტუგალიელმა თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ, გასულ წელს მიღებული $300 მილიონის შემოსავლით, თავისივე საფეხბურთო რეკორდი გააუმჯობესა. ხოლო ბეისბოლში შოჰეი ოტანიმ MLB-ის ახალი ისტორიული მაქსიმუმი — $127.6 მილიონი დააფიქსირა.

კრიშტიანუ რონალდუ საერთო ჯამში Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიის სათავეში ექვსჯერ მოექცა, აქედან ზედიზედ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ლიდერობას უცვლელად ინარჩუნებს. Forbes-ის სიაში პირველობით ის ამჟამად მაიკლ ჯორდანთან ერთად მეორე პოზიციას იკავებს და მათ მხოლოდ ტაიგერ ვუდსი უსწრებს, რომელიც რეიტინგის სათავეში 11-ჯერ მოექცა (2002-დან 2013 წლამდე).

რონალდუ ასევე ერთ-ერთია წლევანდელ რეიტინგში შემავალი იმ სამი სპორტსმენიდან, რომელთა ასაკიც 40 წელს აღემატება. პორტუგალიელ ფეხბურთელთან ერთად ამ სიაში არიან ლუის ჰამილტონი და „ლეიკერსის“ ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი — სამივე მათგანი 41 წლისაა. რეიტინგის 50 ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენის საშუალო ასაკი კი 30 წელია, მათგან უმრავლესობა, 26 სპორტსმენი, 30 წლამდე ასაკისაა, ხოლო ექვსი ათლეტი — 25 წლის ან ნაკლების.

ამავდროულად, ლუის ჰამილტონის გარდა, რომელიც რეიტინგის მეათე პოზიციაზეა, უკანასკნელ 12 თვეში კიდევ ცხრა მოქმედმა სპორტსმენმა შეძლო შემოსავლებით $100-მილიონიანი ნიშნულის გადალახვა. შედეგად, ყველა, ვისი გამომუშავებული თანხაც ცხრანიშნა რიცხვს აღწევს, წლევანდელი სიის ტოპ-10-ში გვხვდება. მათ შორისაა არგენტინელი ფეხბურთელი ლიონელ მესი და მოკრივე კანელო ალვარესი. თუმცა ერთადერთი სპორტსმენი, რომელმაც სპორტული კარიერის მიღმა შეძლო $100 მილიონზე მეტის გამომუშავება, მსოფლიო სერიის მოქმედი ჩემპიონი შოჰეი ოტანია. ამ უკანასკნელმა რეკლამებით, ლიცენზირებითა და სამახსოვრო/საკოლექციო ნივთების გაყიდვიდან უკანასკნელ 12 თვეში $125 მილიონის შემოსავალი მიიღო.

ცნობისთვის, Forbes-ის წლევანდელ რეიტინგში მოსახვედრად ქვედა ზღვარი $54.6 მილიონი იყო, რომელიც რეიტინგის 50-ე ნომერმა, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა იანიკ სინერმა დააწესა. წლევანდელი ქვედა ზღვარი რეკორდულია და დაახლოებით 2%-ით აღემატება 2025 წლის $53.6 მილიონს, ასევე ორჯერ მეტია ათი წლის წინანდელ ($26.1 მილიონი) შედეგთან შედარებით.

კოლექტიურად, Forbes-ის 2026 წლის რეიტინგში შემავალი სპორტსმენების შემოსავალმა $4.1 მილიარდს მიაღწია — ამ თანხიდან კომერციულ შემოსავალზე რეკორდული $1.1 მილიარდი მოდიოდა, უშუალოდ ხელფასებსა და ბონუსებზე კი — $3 მილიარდი. საერთო ჯამში, წლევანდელ სიაში ათლეტები სპორტის რვა სახეობიდან არიან წარმოდგენილნი. მათ შორის, NBA-დან 20 სპორტსმენი, მას მოსდევს NFL — 9, ფეხბურთი — 7, გოლფი — 4, F1 — 3, ბეისბოლი — 3, კრივი — 2 და ჩოგბურთი — 2. კრიკეტი, ჰოკეი და ნასკარი სიაში ვერ მოხვდნენ. რაც შეეხება ქვეყნების მიხედვით გადანაწილებას, ამ შემთხვევაში რეიტინგის ერთპიროვნული ლიდერი ამერიკის შეერთებული შტატებია 29 წარმომადგენლით, შემდგომ მოდის გაერთიანებული სამეფო — სამი სპორტსმენით და საფრანგეთი და ესპანეთი — ორ–ორი წარმომადგენლით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზედიზედ უკვე სამი წელია, Forbes-ის ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების სიაში სპორტსმენები ქალები არ გვხვდებიან. სპორტსმენ ქალებს შორის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კოკო გოფია, რომლის 2025 წლის შემოსავალიც Forbes-მა $33 მილიონად შეაფასა. თუმცა ამ თანხით მან რეიტინგის ქვედა, $54.6-მილიონიანი ზღვრის გადალახვა ვერ შეძლო. ბოლოს სპორტსმენი ქალი, რომელმაც Forbes-ის საერთო რეიტინგის ტოპ-50-ში ადგილი დაიკავა, ასევე ჩოგბურთელი, სერენა უილიამსი იყო. 2023 წლის სიაში მისი შემოსავალი $45.3 მილიონს შეადგენდა.

მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზღაურებადი სპორტსმენების რეიტინგი, ტოპ-10:

კრიშტიანუ რონალდო – $300 მლნ 

სპორტი: ფეხბურთი
ასაკი: 41
ქვეყანა: პორტუგალია
შემოსავალი მოედნიდან: $235 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $65 მილიონი

REUTERS/Hamad I Mohammed/File Photo
კანელო ალვარესი – $170 მლნ

სპორტი: კრივი
ასაკი: 35
ქვეყანა: მექსიკა
შემოსავალი მოედნიდან: $160 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $10 მილიონი

Steve Marcus/Getty Images
ლიონელ მესი – $140 მლნ

სპორტი: ფეხბურთი
ასაკი: 25
ქვეყანა: არგენტინა
შემოსავალი მოედნიდან: $70 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $70 მილიონი

Getty Images
ლებრონ ჯეიმსი – $137.8 მლნ

სპორტი: კალათბურთი
ასაკი: 41
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი მოედნიდან: $52.8 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $85 მილიონი

Kyle Terada-USA TODAY Sports
შოჰეი ოტანი – $127.6 მლნ

სპორტი: ბეისბოლი
ასაკი: 31
ქვეყანა: იაპონია
შემოსავალი მოედნიდან: $2.6 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $125 მილიონი

Joe Camporeale-USA TODAY Sports/ File Photo
სტეფ კარი – $124.7 მლნ

სპორტი: კალათბურთი
ასაკი: 38
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი მოედნიდან: $59.7 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $65 მილიონი

Kyle Terada-USA TODAY Sports
ჯონ რამი – $107 მლნ

სპორტი: გოლფი
ასაკი: 31
ქვეყანა: ესპანეთი
შემოსავალი მოედნიდან: $97 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $10 მილიონი

Orlando Ramirez-USA TODAY Sports
ქარიმ ბენზემა – $104 მლნ

სპორტი: ფეხბურთი
ასაკი: 38
ქვეყანა: საფრანგეთი
შემოსავალი მოედნიდან: $100 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $4 მილიონი

REUTERS/Kai Pfaffenbach/File Photo
კევინ დურნატი – $103.8 მლნ

სპორტი: კალათბურთი
ასაკი: 37
ქვეყანა: აშშ
შემოსავალი მოედნიდან: $54.8 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $49 მილიონი

REUTERS/Brian Snyder
ლუის ჰამილტონი – $100 მლნ

სპორტი: ავტორბოლა
ასაკი: 41
ქვეყანა: გაერთიანებული სამეფო
შემოსავალი მოედნიდან: $70 მილიონი
შემოსავალი მოედანს მიღმა: $30 მილიონი

REUTERS/Issei Kato