ფოტო: REUTERS/Daniele Mascolo
იმ ფონზე, როდესაც სპორტული ავტომობილების მწარმოებლები ელექტრომობილების წარმოებაზე გადასვლისგან თავს იკავებენ, Ferrari-მ საკუთარი პირველი ელექტრომობილის წარდგენით ინდუსტრიაში დაწინაურება გადაწყვიტა.
სპორტული ავტომობილების იტალიურმა მწარმოებელმა ოთხკარიანი სუპერქარი, 310 კმ/სთ მაქსიმალური სიჩქარის მქონე სპორტული ელექტრომობილი Luce წარადგინა, რომელიც იტალიურად „სინათლეს“ ნიშნავს. მისი 122 კვტ/სთ სიმძლავრის ელემენტი ერთი დამუხტვით დაახლოებით 530 კილომეტრი მანძილის გავლას უზრუნველყოფს.
ავტომობილის ღირებულება $586,000-დან დაიწყება და კომპლექტაციის შესაბამისად გაიზრდება. როგორც ცნობილია, მომხმარებლები პირველ ერთეულებს მიმდინარე წლის ოქტომბრიდან მიიღებენ.
ცნობისთვის, Luce-ის დიზაინის შემუშავებაში Apple-ის ყოფილი დიზაინერის, ჯონი აივის სტუდია LoveFrom-ი იყო ჩართული.
ავტომწარმოებელმა ელექტრომობილის საბოლოო ვერსია დღეს რომში წარადგინა, რითაც წერტილი დაუსვა ელექტრიფიკაციაზე ტრანზიციისთვის წლების სამზადისს. შეგახსენებთ, Ferrari-მ ფორმულა 1-ისთვის ჰიბრიდული მოდელი პირველად 2014 წარადგინა, თუმცა კინეტიკური ენერგიის დამუხრუჭების დროს გამომუშავების ტექნოლოგია ფორმულა 1-ში Ferrari-ს ავტომობილებში 2009 წლიდან გვხვდება.
2019 წელს Ferrari-მ უკვე სამგზავრო ჰიბრიდული მოდელი, 1,000-ცხენისძალიანი Stradale გამოუშვა. თუმცა სრულად ელექტრონული ავტომობილის გამოშვებისაგან იტალიური ბრენდი თავს იკავებდა.
Ferrari-ს ელექტრიფიკაციის სტრატეგიის განვითარება ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორის, ბენედეტო ვინიას ხელძღვანელობით დაიწყო, როცა ის 2021 წელს კომპანიის CEO გახდა. კომპანიის მიზანია, რომ 2030 წლისთვის საკუთარი ავტოპარკის 20%-ს ელექტრომობილები შეადგენდეს. შეგახსენებთ, წინა გეგმის თანახმად, ეს მაჩვენებელი 40% უნდა ყოფილიყო. კომპანია პარალელურად ჰიბრიდული და შიდაწვისძრავიანი ავტომობილების წარმოებასაც გააგრძელებს.
















