ფოტო: Getty Images
ილონ მასკის კოსმოსური კომპანია SpaceX-ი, საფონდო ბირჟაზე აქციების საჯაროდ დალისტვისას (IPO), სულ მცირე, $1.8-ტრილიონიანი ღირებულების მიღწევას გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად, Bloomberg News-ის ინფორმაციით, SpaceX $2-ტრილიონიანი IPO-სთვის ემზადებოდა, ინვესტორებთან და კონსულტანტებთან მოლაპარაკებების შემდეგ, სამიზნე ნიშნულმა ოდნავ დაიკლო.
კოსმოსურმა კომპანია SpaceX-მა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიაში (SEC) აქციების საჯაროდ განთავსებაზე (IPO) განაცხადი ოფიციალურად 20 მაისს წარადგინა. განაცხადის თანახმად, თუ SpaceX-ი ამ დრომდე მრავალჯერადი გამოყენების რაკეტების წარმოებასა და თანამგზავრულ ინტერნეტ Starlink-თან ასოცირდებოდა, ამჟამად ხელოვნური ინტელექტის (AI) სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გიგანტად პოზიციონირდება. მასკის გეგმაში ორბიტალური მონაცემთა ცენტრების მშენებლობაც შედის, რადგან მილიარდერი AI-მონაცემთა ცენტრების განთავსებას რესურსების დაზოგვის ყველაზე ეფექტიან გზად მიიჩნევს.
Bloomberg News-ის ცნობით, SpaceX-ი, IPO-ს ოფიციალურ მარკეტინგულ კამპანიას 4 ივნისიდან დაიწყებს, ხოლო აქციების საბოლოო ფასის დადგენა უკვე 11 ივნისისთვისაა ნავარაუდები. წინასწარი შეფასებით, IPO-ზე ილონ მასკის კოსმოსური კომპანია $75 მილიარდის მოზიდვას გეგმავს, რაც მას რეკორდულად უმსხვილეს IPO-დ აქცევს. წყაროების თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და მარკეტინგული კამპანიის დროს ინვესტორების გამოხმაურების მიხედვით, სამიზნე შეფასების ზრდაც შესაძლებელია.
ცნობისთვის, 2025 წელს SpaceX-ის შემოსავალმა $18.7 მილიარდი შეადგინა, რაც გასული წლის $14 მილიარდთან შედარებით მნიშვნელოვანი ზრდაა, მაგრამ ამის მიუხედავად, ფინანსური თვალსაზრისით კომპანია კვლავ ზარალზე გავიდა. თუ 2024 წელს SpaceX-მა $791 მილიონის მოგება ნახა, გასულ წელს მან $4.94 მილიარდის ზარალი განიცადა.













