ფოტო: Win McNamee/Getty Images
Bloomberg-ის ინფორმაციით, მაისში აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტმა იმპორტიორებისგან მიღებული თითქმის $22 მილიარდი დოლარის მოცულობის სატარიფო შემოსავალი უკან დააბრუნა. აღნიშნული ტრანში ტარიფებისაგან მიღებული შემოსავლის ბიზნესისთვის დაბრუნების პირველი შემთხვევაა მას შემდეგ, რაც უზენაესმა სასამართლომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სავაჭრო პოლიტიკის მნიშვნელოვანი კომპონენტი უკანონოდ ცნო და გააუქმა.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის მიერ ოთხშაბათს გავრცელებული განცხადების თანახმად, იმპორტიორებისათვის დაბრუნებული თანხის მოცულობა დაახლოებით თვის განმავლობაში ტარიფებისგან მიღებულ შემოსავალს უტოლდება.
ტრამპის ადმინისტრაციამ ტარიფებისგან მიღებული შემოსავლის დაბრუნების პროცესი აპრილში მას შემდეგ დაიწყო, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არ ჰქონდა უფლებამოსილება, დაეწესებინა ტარიფები „საერთაშორისო საგანგებო ეკონომიკური უფლებამოსილების შესახებ კანონის“ (IEEPA) ფარგლებში.
თუმცა დასაბრუნებელი გადასახადების საბოლოო მოცულობა გაურკვეველი რჩება მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციამ სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ცნობისთვის, სასამართლო აშშ-ის მთავრობას ტარიფებით მიღებული შემოსავლის იმპორტიორებისათვის სრულად დაბრუნებას ავალდებულებს. აღნიშნული შემოსავლის მოცულობა კი დაახლოებით $166 მილიარდია.
გასულ კვირას კონგრესის მოსმენის დროს სახაზინო მდივნის სკოტ ბესენტისთვის ტარიფების დაბრუნების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ, მან აღნიშნა, რომ თანხა ყველა იმ კომპანიას დაუბრუნდებოდა, რომელმაც ტარიფებით დაბეგრილი საქონელი შემოიტანა.
დაწესებული ტარიფებისაგან მიღებული შემოსავლების დამსახურებით, აშშ-ის საბიუჯეტო დეფიციტი ფისკალური წლის პირველი რვა თვის განმავლობაში $1.25 ტრილიონამდე შემცირდა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 9%-იან კლებას წარმოადგენს. თუმცა აშშ-ის უზენაესი სასამართლოს მიერ ტარიფების გაუქმების შემდეგ, ფინანსური ანალიტიკოსები დეფიციტის კვლავ გაზრდას მოელიან.
















