ტრამპის თქმით, აშშ თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებს მოხსნის

ტრამპის თქმით, აშშ თურქეთისთვის დაწესებულ სანქციებს მოხსნის

ფოტო: dailysabah.com

 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გააუქმებდა აშშ-ის სანქციებს, რომლებიც თურქეთს რუსული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემების შეძენის გამო დაეკისრა. ტრამპმა გააკეთა მინიშნებაც თურქეთისთვის აკრძალული F-35-ტიპის მრავალფუნქციური გამანადგურებლების მიყიდვის მზადყოფნაზე, თუმცა, სავარაუდოდ, ეს საკითხი კონგრესში დიდ წინააღმდეგობას წააწყდება.

11 წლის შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტის თურქეთში პირველი ვიზიტის ფარგლებში, ტრამპს აეროპორტში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგანგებო ცერემონიით უმასპინძლა, რომლის დროსაც ცხენებზე ამხედრებული თურქი ჯარისკაცები ტრამპის ავტოკოლონას პრეზიდენტის სასახლემდე მიაცილებდნენ.

თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ჟურნალისტებთან საუბრისას ტრამპმა არაერთხელ შეაქო ერდოღანი და თქვა, რომ მასთან „ქიმია“ გააჩნდა და რომ ანკარასთან ურთიერთობის ხარისხი არასდროს ყოფილა ასეთი კარგი.

გაუმჯობესებული ურთიერთობის მიუხედავად, თურქეთის მიერ 2019 წელს რუსული S-400-ტიპის ჰსთ სისტემებს შეძენა, 2020 წელს ვაშინგტონის მიერ მსხვილი თურქული თავდაცვის კომპანიებისთვის სანქციების დაწესება და თურქეთის სტელს-ტიპის გამანადგურებლების, F-35-ების, პროგრამიდან ამოღება დიდი ხანია მტკივნეულ საკითხს წარმოადგენს.

„ჩვენ სანქციებს მოვხსნით“ – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს ერდოღანთან შეხვედრამდე ცოტა ხნით ადრე. „დროა. ჩვენ არ გვინდა მეგობრებისთვის სანქციების დაწესება“ – თქვა მან და დასძინა, რომ მისი სახელმწიფო მდივანი და ფინანსთა მინისტრი ამ საკითხზე უკვე მუშაობენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას პრობლემა თურქეთის მიერ რუსული S-400-ების ფლობასთან დაკავშირებით, ტრამპმა უარყოფითი პასუხი გასცა. „მე არ მაშფოთებს თურქეთთან დაკავშირებული არანაირი საკითხი. ვიტყოდი, რომ თურქეთთან ურთიერთობა ამჟამად, ალბათ, საუკეთესო დონეზეა, ვიდრე ოდესმე ყოფილა“ – აღნიშნა მან.

ცნობისათვის, რუსული ჰსთ სისტემების ყიდვის საპასუხოდ თურქეთისთვის F-35-ების მიყიდვის ამკრძალავი კანონი აშშ-მა 2019 წელს მიიღო. შესაბამისად, აღნიშნული გამანადგურებლების პროგრამაში თურქეთის დასაბრუნებლად, საკანონმდებლო ცვლილებები იქნება საჭირო.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.