ყველაზე მოგებიანი სამშენებლო კომპანიები

ყველაზე მოგებიანი სამშენებლო კომპანიები

საქართველოს შრომის ბაზრისთვის სამშენებლო სექტორი მნიშვნელოვანია, რადგან 122.6 ათას ადამიანს ასაქმებს – ეს კი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 8.8%-ია. სამშენებლო სექტორს ეკონომიკის მთლიან გამოშვებაში 12.1%-იანი წილი უჭირავს, რაც ბოლო პერიოდში სექტორის სწრაფმა გაფართოებამ განაპირობა.

წარმოგიდგენთ სამშენებლო სექტორიდან ათ ყველაზე მოგებიან დეველოპერულ კომპანიას, რომლებიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებენ. კომპანიების რეიტინგი შედგენილია 2020-2024 წლების მოგების მარჟის მიხედვით:


1. ედემი (68.1%)

  • მოგების ჯამი: ₾ 30.8 მლნ
  • ამონაგების ჯამი: ₾ 45.2 მლნ
  • საშუალო აქტივები: ₾ 32 მლნ

დაარსებიდან, 2015 წლიდან კომპანიის ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი ბინების მშენებლობაა, რომელსაც შპს „ედემი“ ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ნარგული ცხვედიანია.

2. DAR BUILDING (66.2%)

  • მოგების ჯამი: ₾ 111.0 მლნ
  • ამონაგების ჯამი: ₾ 167.7 მლნ
  • საშუალო აქტივები: ₾ 108.7 მლნ

კომპანიის ძირითადი საქმიანობა ქალაქ ბათუმში საცხოვრებელი სახლების, სასტუმრო აპარტამენტებისა და კომერციული დანიშნულების შენობების მშენებლობა და რეალიზაციაა. შპს DAR BUILDING–ი 2006 წელს დაფუძნდა. მისი 100%-იანი წილის მფლობელი რევაზ დარჩიძეა.

3. რეალ პალასი (47.7%)

  • მოგების ჯამი: ₾ 64.9 მლნ
  • ამონაგების ჯამი: ₾ 136.0 მლნ
  • საშუალო აქტივები: ₾ 70.7 მლნ

„რეალ პალასი“ 2011 წელს ქალაქ ბათუმში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობაა. კომპანიის 50%-იან წილს ჯუმბერ ზოიძე ფლობს, ხოლო მეორე 50%-ს – საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე თამაზ ბექაია.

4. გრადა (44.2%)

  • მოგების ჯამი: ₾ 22.2 მლნ
  • ამონაგების ჯამი: ₾ 50.2 მლნ
  • საშუალო აქტივები: ₾ 35.2 მლნ

შპს „გრადა“ 2016 წელს თბილისში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ნაგებობების მშენებლობა და რეალიზაციაა. კომპანიას შპს „გრადას დეველოპმენტის“ საშუალებით ფლობენ დავით მეტივიშვილი, მაია ბეჟანიშვილი, დავით ზაუტაშვილი და გიორგი ბერუაშვილი. ყველა მათგანის წილი კომპანიის 25%-ია.

5. ბათმშენი (42.2%)

  • მოგების ჯამი: ₾ 26.6 მლნ
  • ამონაგების ჯამი: ₾ 63 მლნ
  • საშუალო აქტივები: ₾ 63.8 მლნ

შპს „ბათმშენი“ დაფუძნებულია 2011 წელს ქალაქ ბათუმში, რომლის ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობაა. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი და დირექტორი როინ დუმბაძეა.

6. მოედანი (35.5%)

  • მოგების ჯამი: ₾ 19.8 მლნ
  • ამონაგების ჯამი: ₾ 55.9 მლნ
  • საშუალო აქტივები: ₾ 24.3 მლნ

კომპანიის საქმიანობის სფეროს წარმოადგენს კომერციული სამოქალაქო სამშენებლო სამუშაოები და დეველოპმენტი. კომპანია „მოედანი“ 2018 წელს დაარსდა. მის 50%-ს ოლღა ბერაძე ფლობს, ხოლო მეორე ნახევარს – მიხეილ ჭელიძე.

7. ლიტ ჯეო ინვესტი (29.6%)

  • მოგების ჯამი: ₾ 21.1 მლნ
  • ამონაგების ჯამი: ₾ 71.1 მლნ
  • საშუალო აქტივები: ₾ 46.7 მლნ

შპს „ლიტ ჯეო ინვესტის“ 40%-ს ვალერი გელაშვილი ფლობს, ხოლო დანარჩენ 60%-ს თანაბარად ვალერი გელაშვილი, ვახტანგ მაყიშვილი და დავით გელაშვილი ინაწილებენ. კომპანია 1996 წელს დაფუძნდა, რომლის ძირითადი საქმიანობა შვილობილი კომპანიების საშუალებით საცხოვრებელი და კომერციული ფართების მშენებლობა და რეალიზებაა.

8. REZID Holding GMBH (27.0%)

  • მოგების ჯამი: ₾ 26.6 მლნ
  • ამონაგების ჯამი: ₾ 98.6 მლნ
  • საშუალო აქტივები: ₾ 88.7 მლნ

„რეზიდ თბილისი“ ავსტრიაში დაფუძნებული კომპანიის ფილიალია საქართველოში, რომლის ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა, განვითარება და გაყიდვაა. მისი მთავარი პროექტი თბილისში მდებარე მრავალფუნქციური King David-ია. კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე იოსებ ორჯონიკიძეა.

9. ბიდი ფროფერთი (21.1%)

  • მოგების ჯამი: ₾ 19.3 მლნ
  • ამონაგების ჯამი: ₾ 91.3 მლნ
  • საშუალო აქტივები: ₾ 45.1 მლნ

შპს „ბიდი ფროფერთი“ 2010 წელს დაფუძნებული კომპანიაა, რომელმაც 2014 წელს თბილისში, ასათიანის ქუჩაზე „თბილისი გარდენსი“ ააშენა. მისი ძირითადი საქმიანობა საცხოვრებელი ბინების მშენებლობა და გაყიდვაა. კომპანიის საბოლოო ბენეფიციარი ოლეგ პავლოვია, რომელიც „ბიდი ფროფერთის“ ფლობს და მართავს კვიპროსსა და კაიმანის კუნძულებზე დარეგისტრირებული კომპანიებით.

10. ელთ ბილდინგი (18.6%)

  • მოგების ჯამი: ₾ 38.0 მლნ
  • ამონაგების ჯამი: ₾ 203.9 მლნ
  • საშუალო აქტივები: ₾ 112.1 მლნ

შპს „ელთ ბილდინგი“ 2015 წელს ბათუმში დაფუძნებული კომპანიაა, რომლის ძირითადი საქმიანობა აპარტამენტებისა და კომერციული ფართების აშენება და შემდგომში მათი რეალიზაცია მართვის უფლებით. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ელგუჯა თურმანიძეა.


მეთოდოლოგია

სამშენებლო კომპანიების რეიტინგისთვის გამოყენებულია ხუთწლიანი პერიოდის, 2020-2024 წლების ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია.

კომპანიების პირველი ათეული 2020-2024 წლების მდგომარეობით, მოგების მარჟის მიხედვით არის წარმოდგენილი. კერძოდ, ხუთწლიანი პერიოდის მოგების ჯამი შეფარდებულია ამავე პერიოდის ჯამურ ამონაგებთან. მოგება ნაჩვენებია გადასახადებამდე. კომპანიის რეგისტრაციისა და მესაკუთრის შესახებ ინფორმაცია მოპოვებულია საჯარო რეესტრიდან (17.06.2026 მდგომარეობით ხელმისაწვდომი).

Forbes Georgia

Forbes Georgia: სარედაქციო გუნდი