ფოტო: REUTERS/Evelyn Hockstein
სამშაბათს თეთრმა სახლმა კანადიდან რძის პროდუქტების, ალკოჰოლური სასმელებისა და სხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვა გამოაცხადა, რითაც მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ სავაჭრო ომი კიდევ უფრო გაამწვავა. ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური დაძაბულობა მას შემდეგ გამწვავდა, რაც კანადამ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული 50%-იანი ტარიფების საპასუხოდ, აშშ-ის საქონელზე $20 მილიარდის ღირებულების საპასუხო ტარიფები დააწესა.
აკრძალვა, რომელიც 29 სექტემბერს ამოქმედდება, კანადაში წარმოებულ ალკოჰოლურ სასმელებს ეხება, რომლებიც ადრე ტრამპის მიერ დაწესებულ 50%-იან ტარიფებს ექვემდებარებოდა. თეთრი სახლის განცხადების თანახმად, აღნიშნული აკრძალვა კანადის მიერ აშშ-ის ალკოჰოლური სასმელების მიმართ „დისკრიმინაციის“ გაზრდის საპასუხო ქმედებაა.
ალკოჰოლური პროდუქტების გარდა, თეთრი სახლი კანადას ამერიკული რძის პროდუქტების დისკრიმინაციაშიც ადანაშაულებს. ამის გამო აკრძალვა გარკვეული სახის კანადურ რძის პროდუქტებსაც ეხება, მათ შორის შრატის ცილას და მელასას/ბაქმაზს.
იმპორტის აკრძალვა ასევე ვრცელდება კანადაში წარმოებულ გარკვეული ტიპის მოტოციკლებზე, მოპედებსა და ველოსიპედებზეც.
საინტერესოა, რომ გამოქვეყნებული ბრძანება კანადურ ქვის მარილსა და ცემენტზე უკვე დაწესებულ 50%-იან ტარიფებსაც აუქმებს, რისი მიზეზიც აშშ-ის „კომერციული ტვირთის“ შემსუბუქებაა.
გარდა ამისა, ზოგიერთი კანადური პროდუქტი, მაგალითად, ყველი, ქაღალდი, ალუმინისა და ფოლადის გარკვეული ნაწარმი იმ პროდუქტების სიას დაემატა, რომლებიც 50%-იან ტარიფს ექვემდებარება.
შეგახსენებთ, რომ კანადის საპასუხო ტარიფები, რომლებიც თითქმის $20 მილიარდის ღირებულების აშშ-ში წარმოებულ საქონელს ეხება, სამშაბათ დილას ამოქმედდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ტრამპის მიერ კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფების დაწესებას მოჰყვა, მათ შორის ღვინოზე, რძის პროდუქტებზე, ცემენტზე, ავეჯსა და ჰოკეის აღჭურვილობაზე. აკრძალვა გასულ თვეში წარუმატებელი სავაჭრო მოლაპარაკებების შემდეგ ამოქმედდა. კანადის მიერ დაწესებული 15%-50%-იანი საპასუხო ტარიფები დაახლოებით 700 ამერიკულ საქონელს მოიცავს, მათ შორის ფოლადს, რძის პროდუქტებს, ტექნიკას, სასოფლო-სამეურნეო აღჭურვილობას, ქაღალდსა და გარკვეულ ელექტროპროდუქციას.
















