ფოტო: AFP
კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან სატელეფონო საუბარი გამართა. ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, რომ რუსეთის დიზელის საწვავის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტოს. აშშ-ის პრეზიდენტის განმარტებით, ეს თავდასხმები საწვავის გლობალურ დეფიციტს იწვევს, რაც „მსოფლიოს აზარალებს“.
ბოლო თვეებში რუსეთის ნავთობგადამმუშავებელ ქარხნებზე უკრაინული შორ მანძილზე მოქმედი დრონების თავდასხმების სერიამ ქვეყანაში საწვავის წარმოება მნიშვნელოვნად შეამცირა, რამაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ბენზინის მწვავე დეფიციტი გამოიწვია.
უკრაინა, რომელიც თავადაა საკუთარ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე რუსეთის რეგულარული თავდასხმების მსხვერპლი, აცხადებს, რომ ნავთობგადამმუშავებელი ქარხნები კანონიერ სამხედრო სამიზნეებს წარმოადგენს.
ფასების მონიტორინგის სერვისის, GasBuddy-ს მონაცემებით, ხუთშაბათს აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა გალონზე $6-ს პირველად გადააჭარბა. შეგახსენებთ, რომ დიზელს სატვირთო ავტომობილები, მატარებლები, გემები, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და ზოგიერთი ტიპის მსუბუქი ავტომობილები მოიხმარენ.
„ბატონმა ზელენსკიმ ერთი რამ უნდა გააკეთოს: მან უნდა შეწყვიტოს რუსეთში დიზელის საწვავის ინფრასტრუქტურის განადგურება, – განაცხადა ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას. – ჩვენ ამის შესახებ ბატონ ზელენსკის ვესაუბრეთ. არსებობს უამრავი სხვა სამიზნე. არ დაარტყათ დიზელის საწვავის ობიექტებს. ეს მსოფლიოს აზარალებს“.
ტრამპმა განმარტა, რომ გლობალური დეფიციტი „ახლო აღმოსავლეთის ქმედებებით არ არის გამოწვეული – ეს რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე მოვლენების შედეგია“.













