აშშ-ს სურს ფლობდეს სატელიტებს, რომლებსაც ორბიტაზე ობიექტებზე „ნადირობა“ შეეძლებათ

აშშ-ს სურს ფლობდეს სატელიტებს, რომლებსაც ორბიტაზე ობიექტებზე „ნადირობა“ შეეძლებათ

ფოტო: wired.com

 

აშშ-ის კოსმოსური სისტემების სარდლობის მიერ გამოქვეყნებული მოთხოვნის თანახმად, აშშ-ის კოსმოსურ ძალებს სურს კომპანიებმა წარმოადგინონ პროექტები ისეთი სატელიტების შესახებ, რომლებიც ორბიტაზე არსებულ ობიექტებზე დადევნებას და შემოწმებას მოკლე დროში შეძლებენ.

18 სექტემბერს გამოქვეყნებული დოკუმენტით, კოსმოსური სისტემების სარდლობამ ინდუსტრიას თხოვნით მიმართა, წარმოედგინათ კოსმოსური აპარატის დიზაინი, რომელიც შეძლებდა კოსმოსში სხვა ობიექტის დაწევას, მასთან მინიმალურ მანძილზე, ფაქტობრივად შეხებამდე მიახლოებას და მის შემოწმებას ან მასთან ურთიერთქმედებას.

ეს პროგრამა კოსმოსური ძალების VICTUS-ის ინიციატივის ნაწილია, რომელიც ერთ მთავარ იდეას ეფუძნება: მზა თანამგზავრის ორბიტაზე გაშვება არა წლების, არამედ დღეების განმავლობაში.

ორბიტაზე გასვლის შემდეგ, კოსმოსურმა აპარატმა სამიზნემდე მანძილი ნულამდე უნდა შეამციროს, შემდეგ კი სხვა ორბიტაზე გადავიდეს და იგივე პროცესი გაიმეოროს. კოსმოსურ ძალებს სურთ, რომ ეს დაბალ და საშუალო ორბიტებზე, ასევე მაღალი ექსცენტრიულობის მქონე ტრაექტორიებზე იყოს შესაძლებელი. ამასთან, აპარატს უნდა ჰქონდეს საკმარისი საწვავი ათზე მეტი მასშტაბური მანევრის შესასრულებლად.

უწყებას ასევე სურს შეიქმნას სატელიტის ისეთი პლატფორმა, რომელიც არ იქნება მიბმული კონკრეტული კომპანიის აპარატურაზე. ნებისმიერი კვალიფიციური მომწოდებლის სენსორი ან სხვა მოწყობილობა უნდა მონტაჟდებოდეს ღია სტანდარტის, Handle 2.0-ის, გამოყენებით, რათა მთავრობა პროგრამის განხორციელების მთელი პერიოდის განმავლობაში არ იყოს დამოკიდებული მხოლოდ ერთ მომწოდებელზე.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე კვირის წინ აშშ-ის საჰაერო ძალების მდივანმა, ტროი მეინკმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ აშშ-ს ორბიტაზე უკვე აქვს განთავსებული შეიარაღება.

კომპანიებს პროექტების წარდგენის ბოლო ვადა 19 ოქტომბერს აქვთ. დაინტერესებულმა პირებმა აშშ-ის კოსმოსურ ძალებს უნდა წარუდგინონ პროექტი და სავარაუდო ხარჯების ჩამონათვალი, რომელიც მოიცავს ინჟინერიას, აპარატურას, პროგრამულ უზრუნველყოფას, ტესტირებას და მხარდაჭერას.

I specialize in reporting of International Conflicts & Security, Defense Industry, Middle East, Terrorism, War & Peace-making, International Business and Economy.