ჯეკ მას „Alibaba Group“ ჩინურმა რეგულატორმა 18.2 მილიარდი იუანით ($2.8 მილიარდის ეკვივალენტი) დააჯარიმა. ცნობისთვის, ჯარიმის მოცულობა „ალიბაბას“ 2019 წლის შემოსავლების 4%-ის ტოლფასია.
ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ (SAMR) ჯეკ მას კომპანია ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისთვის დააჯარიმა. რეგულატორის განცხადებით, „ალიბაბა“ 2015 წლიდან მოყოლებული გამყიდველებს აიძულებდა მხოლოდ მისი პლატფორმით ესარგებლათ. კერძოდ, ისინი ალტერნატივის წინაშე იდგნენ — ან მხოლოდ „ალიბაბაზე“ ვაჭრობა, ან ყველგან სხვაგან, გარდა „ალიბაბას“ პლატფორმისა.
„ალიბაბა გულწრფელად იღებს დაკისრებულ ჯარიმას და მომავალში უზრუნველყოფს ჯარიმის დაკისრების მიზნებთან სრულ შესაბამისობას. საზოგადოებისთვის პასუხისმგებლიანი სერვისის მიწოდებისთვის, ალიბაბა იმუშავებს კანონთან სრულ შესაბამისობაში, გააგრძელებს კომპლაენსის სისტემების გაძლიერებასა, ამასთან, ზრდას, ინოვაციების საშუალებით“ – ვკითხულობთ „ალიბაბას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გასული წლის ნოემბერში, ჩინეთის რეგულატორებმა დაბლოკეს „Alibaba Group“-ის შვილობილი კომპანიის, „Ant Group“-ის აქციების პირველადი განთავსება შანხაისა და ჰონგ-კონგში. მაშინ რეგულატორებმა კომპანიას მოსთხოვეს შეეცვალა „Ant Group“-ის სტრუქტურა, რათა ის შესაბამისობაში ყოფილიყო იმ წესებსა და კაპიტალის იმ მოთხოვნებთან, რომელსაც ქვეყანა საბანკო ორგანიზაციებს უყენებს. დეკემბერში კი ჩინეთის ბაზრის რეგულირების სახელმწიფო ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ იძიებდა „ალიბაბას მონოპოლიურ ბიზნესპრაქტიკებს“.
ჯეკ მა, რომელიც ინგლისურის მასწავლებელი იყო, ჩინეთის ინტერნეტ-პიონერია. მისი აქტივების წმინდა ღირებულება 2021 წლის 10 აპრილის მონაცემებით 47.3 მილიარდი აშშ დოლარია. მა ჩინეთის რეგულატორების ინტერესის საგანი მას შემდეგ გახდა, რაც მან ერთ-ერთ ტექნოლოგიურ სამიტზე ჩინეთის რეგულაციების პოლიტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ ამგვარი რეგულაციები ინოვაციურ განვითარებას აფერხებდა.
ამის შემდეგ ჯეკ მა თითქმის სამი თვის განმავლობაში არ გამოჩენილა საჯაროდ, საბოლოოდ ის 2021 წლის იანვარში გამოჩნდა, 50-წამიანი ვიდეორგოლით. „Alibaba“-ში აცხადებენ, რომ ის 12 აპრილს ჩაატარებს კონფერენს-ქოლს და უპასუხებს კითხვებს რეგულატორის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.