აშშ უკრაინას იანვრისთვის ასობით ათას საარტილერიო ჭურვს დაჰპირდა

აშშ უკრაინას იანვრისთვის ასობით ათას საარტილერიო ჭურვს დაჰპირდა

უკრაინაში მიმდინარე ომში კიევის პოზიციების გასაძლიერებლად და რუსეთისთვის სანქციების დასაწესებლად თეთრმა სახლმა უახლესი სტრატეგია შეიმუშავა. ინფორმაციას, უშიშროების ეროვნული საბჭოს სპიკერის ბრიფინგზე დაყრდნობით, გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს.

The Guardian-ის ინფორმაციით, ხუთშაბათს, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მრჩეველი, ჯეიკ სალივანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელ ანდრეი ერმაკს შეხვდა. შეხვედრაზე სალივანი კიევს დამატებით ასობით ათასი საარტილერიო ჭურვის, ასობით რაკეტისა და ჯავშანტექნიკის მიწოდებას დაჰპირდა. გამოცემის ცნობით, უკრაინა დაპირებულ ტექნიკას იანვრის შუა რიცხვებში მიიღებს.

The Guardian-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ასევე ვკითხულობთ, რომ შეერთებული შტატები უკრაინას ცოცხალ ძალასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებაში დახმარებასაც დაჰპირდა. გამოცემის ინფორმაციით, თეთრმა სახლმა უკრაინას ქვეყნის ტერიტორიის მიღმა მდებარე ობიექტებზე ახალი ჯარების გადამზადებაც შესთავაზა.

გარდა ამისა, The Guardian-ის თანახმად, შეერთებული შტატები, უახლოეს კვირებში, რუსეთისთვის რიგი სანქციების დაწესებასაც გეგმავს. სანქციების ახალი პაკეტი უკრაინაში მიმდინარე ომში რუსეთის შესაძლებლობების შესუსტებისკენ და მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინის პოზიციების გაძლიერებისკენ იქნება მიმართული.