პრემიერიდან სულ რაღაც ცამეტ დღეში, Avatar-ის გაგრძელება Avatar: The Way Of Water-ის გლობალურმა შემოსავალმა სალაროებში $1-მილიარდიანი ნიშნული გადალახა. Deadline-ის მონაცემებით, მხოლოდ საშობაოდ, შაბათ-კვირას ფილმმა $900 მილიონის გამომუშავება შეძლო.
რეჟისორ ჯეიმს კამერონის განცხადებით, The Way Of The Water-ი, მოგების მისაღებად, ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი ფილმი უნდა გახდეს. კამერონის გათვლებით, Avatar-ის მეორე ნაწილს მინიმუმ $2 მილიარდის გამომუშავება სჭირდება. ცნობისთვის, საშინაო დებიუტის პირველ შაბათ-კვირას კინოსურათმა დაახლოებით $134 მილიონის, გლობალურად კი $434.5 მილიონის გამომუშავება მოახერხა.
აღსანიშნავია, რომ 2009 წელს Avatar-ის პრემიერამაც მხოლოდ $77 მილიონის შემოსავალი გამოიმუშავა, თუმცა საბოლოოდ $2.9 მილიარდის გამომუშავების წყალობით, მან ისტორიაში ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმის წოდება დაიმსახურა. მიმდინარე წელს, საშინაო დებიუტებისას ყველაზე მეტის გამომუშავება ($187.4 მილიონი) Doctor Strange In The Multiverse Of Madness-მა შეძლო, Avatar-ი კი რეიტინგში მხოლოდ მეექვსე პოზიციაზეა.
ანალიტიკოსთა ნაწილმა ივარაუდა კიდეც, რომ Avatar: The Way of Water-ი დეკემბრის რიგით მხოლოდ მეოთხე პრემიერა გახდებოდა, რომლის შემოსავალიც დებიუტის შაბათ-კვირას $200 მილიონის ნიშნულს გადალახავდა. ამჟამად, დეკემბრის თვეში, $200-მილიონიანი მაჩვენებელი პრემიერის დღეებში მხოლოდ სამ ფილმს აქვს გადალახული, ესენია: Marvel-ის 2021 წლის Spider-Man: No Way Home და Star Wars-ის 2015 და 2017 წლების ფილმები, Star Wars: The Force Awakens-ი ($248 მილიონი) და Star Wars: The Last Jedi ($220 მილიონი).