საეჭვო შესახედაობის თმითა და არაპოლიტკორექტულობისთვის საამური მწარე ენით, ეს ნიუ-იორკში დაბადებული კაცი, შესაძლოა, თავისი ქვეყნის ახალი ლიდერი გახდეს. ლონდონის ყოფილი მერი, ბორის ჯონსონი გვყავს მხედველობაში, რასაკვირველია.
მეორე უცნაურთმიანი კაცისგან განსხვავებით, რომელიც შიგადაშიგ ამტკიცებს, ჟურნალისტები მძულსო, ჯონსონი ჟურნალისტი გახლდათ, ვიდრე 2001 წელს პარლამენტში შევიდოდა და 2008-ში ლონდონის მერი გახდებოდა. 1999-დან 2005 წლამდე ის კონსერვატორული საავტორო ჟურნალის, The Spectator-ის რედაქტორი იყო, მანამდე კი Daily Telegraph-ისა და The Times-ისთვის წერდა. ოქსფორდის უნივერსიტეტში სწავლისას ის Oxford Union-ის პრეზიდენტად აირჩიეს.
იშვიათობაა, რომ პოლიტიკოსები წერდნენ, მაგრამ ჯონსონს ეს შეუძლია… თანაც, ბრწყინვალედ. მისი 2014 წლის წიგნი “ჩერჩილის ფაქტორი: როგორ შექმნა ერთმა კაცმა ისტორია” (Riverhead Books-ი) ისეთი წიგნია, დასასვენებლად რომ უნდა წაიღოთ ან თვითმფრინავში, რამდენიმე ფრენა თუ გაქვთ წინ.
“თუ გაინტერესებთ, რა იყო ბოლო მსოფლიო ომის ერთ-ერთი გადამწყვეტი მომენტი და გარდამტეხი ეტაპი მსოფლიო ისტორიაში, მაშინ მომყევით, – წერს ჯონსონი 1940 წლის 26–28 მაისის შესახებ. – მოდი, თემთა პალატის ერთ პირქუშ ოთახში შევიხედოთ… შევაღოთ ძველი ღრჭიალა კარი, რამდენიმე საფეხური ავიაროთ, გავყვეთ მკრთალად განათებულ კორიდორს… და აი, უკვე აქ ვართ”.
“აქ” ის ადგილია, სადაც ახალ პრემიერ-მინისტრს, უინსტონ ჩერჩილს, ლორდ ჰალიფაქსთან საბედისწერო კონფლიქტი მოუვიდა. საკითხი იმას ეხებოდა, უნდა გარიგებოდა თუ არა ბრიტანეთი ადოლფ ჰიტლერს, რომლის ნაცისტური ძალები “ისეთი უტიფარი სიმსუბუქით მიიწევდნენ პარიზისკენ, გეგონება, მართლაც რაღაც ახალ ღვთაებრივ სამხედრო რასას განეკუთვნებოდნენ”.
ჩანდა, რომ ბრიტანეთი გერმანიის მომდევნო მსხვერპლი უნდა ყოფილიყო. “ბრიტანეთის ექსპედიციურ ძალებს [ინგლისის] არხის პორტებთან გზა ჩაუკეტეს. …ახლა ელოდნენ, როდის მოხდებოდა მათი ევაკუაცია დიუნკერკიდან. ჰიტლერს თავისი გენერლებისთვის რომ დაეგდო ყური, ალბათ მაშინ გაგვანადგურებდა. …ბრიტანეთის მებრძოლი ძალების უდიდეს ნაწილს მოკლავდა ან შეიპყრობდა, და ქვეყანას წინააღმდეგობის გაწევის ფიზიკურ უნარს მოუსწრაფებდა”.
ჯონსონი მოახლოებულ კატასტროფაზე მსჯელობს: “არა მგონია, ჩემი თაობის ბევრი წარმომადგენელი (სულ რომ თავი დავანებოთ ჩემი შვილების თაობას) ბოლომდე აცნობიერებდეს, რა ახლო ვიყავით ამასთან; თუ როგორ იყო შესაძლებელი, რომ 1940 წელს, თავმდაბლურად, და რაციონალურადაც, ბრიტანეთი მტერს დანებებოდა. სერიოზული და გავლენიანი რიტორიკა ისმოდა მათგან, ვისაც [ჰიტლერთან] მოლაპარაკებების დაწყება სურდა”.
ამ რიტორიკაში ყველაზე გავლენიანი ხმა ლორდ ჰალიფაქსისა იყო. ის ემხრობოდა მუსოლინის წინადადებას, ეშუამავლა გერმანიასა და ბრიტანეთს შორის დებატებისთვის. ჰალიფაქსის არგუმენტი დღეს პათეტიკურად და სუსტად გამოიყურება. მაგრამ 1940 წლის მაისში ბრიტანეთი (ვიწრო ინგლისის არხის გარდა) აღმატებული ძალის ალყაში იყო მოქცეული.
რადგანაც პირველი მსოფლიო ომის მოგონებები ჯერაც ახალი იყო, ცოტას თუ უნდოდა ასეთ ძალასთან ომის გარისკვა. ჩერჩილი ლამის ერთადერთი გახლდათ, ვისაც ნაცისტური ოკუპაცია სიკვდილზე დიდ უბედურებად მიაჩნდა.
28 მაისის საღამოს ჩერჩილმა ჰალიფაქსი დაჯაბნა. მინისტრთა კაბინეტში სიტყვით გამოვიდა, რომლის ბოლოსაც ასეთი რამ თქვა: “თუ ჩვენს ხანგრძლივი ისტორიის მქონე კუნძულს ოდესმე დასასრული უწერია, დაე, დასრულდეს, ოღონდ ისე, რომ თითოეული ჩვენგანი საკუთარ სისხლში დაიხრჩოს”.
ქაღალდის ფულიდან ციფრულ ოქრომდე
კიდევ ერთი არაჩვეულებრივად დაწერილი და აუცილებლად წასაკითხი წიგნი ჯორჯ გილდერის მინიშედევრია: “ფულის სკანდალი: რატომაა, რომ უოლ-სტრიტი ფეხზე დგება, ეკონომიკა კი ვერა და ვერ” (Regnery Publishing). ეს იდეალური თანამგზავრი წიგნია 2014 წლის მომენტალური კლასიკისა, რომელიც სტივ ფორბსსა და ელიზაბეთ ეიმსს ეკუთვნით: “როგორ ემუქრება დოლარის განადგურება გლობალურ ეკონომიკას… და რა შეიძლება, მოვიმოქმედოთ” (McGraw-Hill Education). თუ ფორბსისა და ეიმსის წიგნი ბევრს გვიამბობს ფულის ისტორიის შესახებ, გილდერის წიგნის ფოკუსში ბიტკოინებისა და სხვა დაშიფრული ციფრული ვალუტების საოცარი ახალი სამყარო ექცევა.
გილდერის ძირითადი სათქმელი ისაა, რომ აშშ-მა სერიოზული შეცდომა დაუშვა, როცა 1971 წელს ოქროს სტანდარტს მიანება თავი. ამან ფულის რამდენიმე საკვანძო და ღირებული თვისება გაანადგურა: სტაბილურობა, ინფორმაციული ღირებულება და კავშირი დროსთან. შედეგების პროგნოზი, წინასწარგანჭვრეტა თუ არა, 1971 წელსვე იყო შესაძლებელი: ფინანსური ინჟინერია აყვავდა; გრძელვადიანი ინვესტიცია დასუსტდა. აშშ-ის წლიური ეკონომიკური ზრდა 1971 წლიდან დღემდე, 1945-დან 1970 წლამდე არსებულ ზრდას ჩამოუვარდება.
1971 წელთან შედარებით, ფინანსური სერვისების სფერო, მთლიან ეკონომიკასთან მიმართებით, ახლა ოთხჯერ უფრო დიდია. ცხელი ფულის მანიპულაცია გონივრული რეაქციაა არასტაბილურ ფულსა და დაბალ საპროცენტო ტარიფებზე. მავნე ეფექტების პოვნა თვით გილდერის საყვარელ სილიკონის ველშიც შეიძლება, სადაც ვენჩურული კაპიტალდაბანდების უდიდესი ნაწილი მეტად წარმავალი ღირებულების მქონე ვებაპლიკაციებზე მოდის.
გილდერის ვარაუდით, ბიტკოინები და მისი მსგავსნი სტაბილურ ფულზე არსებულ მოთხოვნილებას შეავსებენ. მაგრამ ნუ მოდუნდებით: გარანტირებულად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიოს მთავრობები ბიტკოინებს სამკვდრო-სასიცოცხლო ომს გამოუცხადებენ. ვალუტის მანიპულაციის ძალაუფლების გარეშე, მთავრობები დასუსტდებიან. მათთვის ეს ცუდია, ჩვენთვის – კარგი.