Candlesticks.info - ახალი საგანმანათლებლო ბლოკჩეინ-პროექტი ორგანიზაცია 2.0-სგან

Candlesticks.info - ახალი საგანმანათლებლო ბლოკჩეინ-პროექტი ორგანიზაცია 2.0-სგან

ბოლო დროს კრიპტოაქტივებისა და ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არცთუ ისე სახარბიელო მდგომარეობაა – მსოფლიოს უდიდესმა ალგორითმულმა სტეიბლკოინმა, TerraUSD-მ (UST) კოლაფსი განიცადა, რამაც კრიპტოაქტივების ღირებულების მკვეთრი კლება გამოიწვია და არაერთი ინვესტორი აზარალა, მათ შორის საქართველოშიც.

კრიპტოვალუტა UST-ის 11 მაისის კოლაფსს სხვადასხვა შეფასებები მოჰყვა – ზოგიერთმა კომენტატორმა ეს მოვლენა ჯორჯ სოროსის მიერ 1992 წელს ინგლისურ გირვანქაზე მიტანილ შეტევას შეადარა, ზოგმა კი Citadel-ისა და BlackRock-ის ერთობლივ კონსპირაციულ გეგმაზე დაიწყო საუბარი – ბრალდებებს ორივე ჰეჯფონდი უარყოფს. ამის პარალელურად, Twitter-ში ამოტივტივდა ბლოგერ ფრედი რეინოლდსის მიერ გასული წლის ნოემბერში დაწერილი პოსტი, რომელშიც ავტორმა დეტალურად განმარტა, თუ როგორ შეიძლებოდა $1-მილიარდიანი კაპიტალითა და ჯორჯ სოროსის ზემოთ ხსენებული ტაქტიკით Terra-ს ეკოსისტემის მთავარ ტოკენზე, Luna-ზე გამანადგურებელი შეტევის მიტანა.

თუმცა, ჯერჯერობით ეს ყველაფერი თეორიებისა და ვარაუდების დონეზე რჩება და მათ დასამტკიცებლად ან უარსაყოფად გარკვეული დროა საჭირო. ისე კი, ფაქტია, რომ UST-ის კოლაფსით მილიონობით ადამიანმა იზარალა, ბევრ მათგანს კი მთელი დანაზოგი გაუნულდა. გარდა ამისა, მოვლენა მთელ კრიპტობაზარს მოედო – საგრძნობი დაღმასვლა განიცადა ბიტკოინისა და ეთერის ღირებულებამ. ამან გამოიწვია პანიკა, რომელმაც კრიპტოს სანდოობა და სტაბილურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

კრიპტოაქტივების ბაზრის ამგვარ ტურბულენტობას Web3-ტექნოლოგიაზე ორიენტირებული ქართული კომპანია 2.0 გამოეხმაურა და ბლოკჩეინზე ახალი არაკომერციული საგანმანათლებლო პროექტი – Candlesticks.info გაუშვა. 2.0-ის გუნდმა იფიქრა, რომ კრიპტოსამყაროსთვის ამგვარი დაღმასვლა ახალი არ არის, მაგრამ მის მიმართ ადამიანების რეაქცია – მუდმივად ერთნაირია, რის გამოც ისეთი სმარტ-კონტრაქტის გაშვება გადაწყვიტეს, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას მისცემს 11 მაისის კრიპტოკოლაფსზე საკუთარი მოსაზრება ბლოკჩეინზე აღბეჭდონ, სხვებს გაუზიარონ და ამით ისტორიის შენახვას შეუწყონ ხელი.

„Candlesticks.info-ს საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ, რომ 11 მაისის მოვლენაზე სხვა ადამიანების მიერ ჩამოყალიბებული შეფასებები, მოსაზრებები და რჩევები წაიკითხონ და საკუთარი აზრები გააზიარონ – ყველაფერი ეს, 120 სიმბოლოზე ნაკლები ტექსტით და სრულიად უფასოდ. ეს ორი ბარიერი საკმარისია იმისთვის, რომ საინფორმაციო ქაოსში ინდუსტრიასთან ახლოს მდგომი ადამიანების რჩევები გამოარჩიო და ისინი იმ ადამიანების ნათქვამებისგან გაფილტრო, ვინც მხოლოდ Luna-ს ფასის ამოწევით არის მოტივირებული“, – განუცხადა Forbes Georgia-ს 2.0-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, ზურა შარაშენიძემ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ 2.0-ისთვის ეს რიგით მესამე არაკომერციული პროექტია, რომელსაც კომპანია Web3-ტექნოლოგიის გამოყენებით აკეთებს – მათი სხვა პროექტები deckk* და isputindeadyet პოპულარულია არამხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც.